LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერი: „არც ოჯახის შექმნა ყოფილა ჩემი თვითმიზანი და არც განქორწინება – ტრაგედია, სწორედ ამიტომ ვარ ასეთი ლაღი დღეს..“

10749
giunteriani

ანი გიუნტერის კარგი გარეგნობის მთავარი საყრდენი კარგი ხასიათია. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობს. ცდილობს, ცხოვრებისადმი პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს. fortuna.ge-ს ესაუბრება, კიდევ რას აკეთებს იმისთვის, რომ შესანიშნავ ფორმაში იყოს…

ანი გიუნტერი:

ერთი წელია, როცა მეკითხებიან, რამდენი წლის ვარ, 40 წლის ვარ-მეთქი, ვამბობ. არადა, ჯერ არ გავმხდარვარ. მეამაყება, რომ ამ ასაკში ასე გამოვიყურები. ბოტოქსის გამოყენება ჩემ შემთხვევაში წარუმატებლად დასრულდა, რადგან არანაირი შედეგი არ მომცა. უკანასკნელი სამი წელია, არ მიმიმართავს ბოტულინო თერაპიისთვის. გადაწყვეტილი მაქვს, ვიყო საუკეთესო ფორმაში, როცა მართლა 40 წლის გავხდები. ახლა დავიწყე სწორი კვება ნატა გაგუას რეკომენდაციებით და ვარჯიში კვირაში სამჯერ. ასევე ვინარჩუნებ პოზიტიურ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი. უნდა წარმოიდგინო, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის.

ჯანსაღი კვება ახსენე, რა ტიპის რაციონზეა საუბარი?

ნახევარი საათი მეხარჯება გაკეთებაში და საათ ნახევარი პროდუქტების აწონვაში (იცინის). ეს არის დაბალანსებული მენიუ, გაჯერებული ნახშირწყლებით, ცხიმებითა და ცილებით. მანამდე კეტო დიეტა ვცადე, რომელმაც ნამდვილად დადო არაჩვეულებრივი შედეგი. ნატა გაგუამაც პირად საუბარში მითხრა, რომ კეტო დიეტა ნამდვილად არის ეფექტური, თუმცა ასევე დასძინა, რომ ეს იმ შემთხვევაში, როცა მხოლოდ წონის კლებაა მიზანი. თუ მიზანი განწყობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა, სწორი კვება მნიშვნელოვანია. ერთ დღეში ჰოპ და სხვანაირი გახდე, ეს წარმოუდგენელია.

შვრიის ფაფა, თაფლი, ვაშლი, ნიგოზი – დედაჩემი ამას საუზმედ ყოველ დილას მიირთმევდა და სილამაზის საუზმეს ეძახდა, ჩემს მენიუში კი ფრანგული საუზმის სახელითაა ცნობილი. არ შეიძლება, ბავშვმა უყუროს, როგორ იწყება მშობლის დილა ხაჭაპურითა და გამოძახებული პიცით და მერე შენ ის დაარწმუნო, რომ ბროკოლი კარგია. ჩემი მეგობრების შვილებსაც ამას ვასწავლი. ამის მიუხედავად, ბავშვები ჩემგან არ გარბიან. ზაფხულში გვქონდა სმუზი ფართი, ჯინჯერიანი და ლიმონიანი წყალი ჩემი შვილის ყოველდღიურ რაციონში იყო, ავოკადოსთან ერთად. მისი ორგანიზმი სინამდვილეში სთხოვს ამას. ჩემი შვილები ჯანსაღ კვებაში დაბადებიდანვე არიან ჩართულები. ჩემთვის წარმოუდგენელია, ბავშვს არ ჰქონდეს გასინჯული ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო ან ავოკადო.

ვიცი, რომ განსაკუთრებული დედა-შვილობა გაქვთ. ახლა რომ წამოიზარდნენ, შენი პირადი ცხოვრების შესახებ თუ გისვამენ კითხვებს?

ზოგადად, განწყობა ნეიტრალურია, გვისაუბრია პირადზე, ურთიერთობებზე. მაგალითად, ლაზარე მიიჩნევს, რომ კაცმა ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღოს. 10 წლის ბავშვი ისეთ ფრაზებს მეუბნება ხოლმე, რომ მიკვირს, ასეთი ჩამოყალიბებული რომ არის. არ მოსწონს ხელოვნურობა. სულ მიმოწმებს, ინიექციები გაკეთებული მაქვს თუ არა. როგორც ჩანს, სოციალურ ქსელში ხვდება პლასტიკური ქირურგიის წარუმატებელი ნიმუშები. სულ მეუბნება, რომ მე მაინც ლამაზი ვიქნები. იცის თქმა, რომ ლამაზი ვარ, ეს კაბა მიხდება, თავის დასაც ეუბნება კომპლიმენტებს. ლაზარე სულ ამჩნევს სიახლეებს, მამკობს კომპლიმენტებით და მეც აღფრთოვანებული ვუსმენ. იცის, როცა დედა არის დასვენებული და გასცემს პოზიტიურ ენერგიას, ეს მისთვისაც კარგია.

ქალი, შენი აზრით, საკუთარი თავისთვის იპრანჭება თუ სხვისთვის?

ბევრად ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა თავად მომწონს საკუთარი თავი. ვიღაცისთვის შეიძლება ულამაზესი ვიყო, ვიღაცისთვის – სავსებით მიუღებელი. სხვაზე რომ ხარ დამოკიდებული, ბოლომდე მოსაწონი ვერასდროს გახდები. როცა საჯარო პირი ხარ, მზად უნდა იყო, რომ შეიძლება, შენი გრძელი ფეხებიც ვიღაცას არ მოეწონოს. სხვისთვის გაპრანჭვა აღიარების მოლოდინს ქმნის. საკუთარი თავისთვის გაპრანჭვა ბევრად უფრო მეტია. ჩემს თავს ვუვლი და ვუფრთხილდები. ფიტნეს დარბაზში მითხრეს ამას წინათ, რომ გამონაკლისი ვარ. აქ ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც სხვისთვის არ მოდისო (იცინის).

დღეს არის შენ გვერდით მამაკაცი?

ჩემი პირადი ბოლომდე პირადად დარჩება. სულ რომ რვა შვილი მყავდეს და კოსმოსში გადავიხადო ქორწილი, როცა მკითხავენ, მაინც არაფერს ვიტყვი. ჩვენ ჩაგვიბეჭდეს, რომ გათხოვება აუცილებელია. მიხარია, რომ აღარ მეკითხებიან, ვაპირებ თუ არა ოჯახის შექმნას, რადგან მე უკვე მყავს გადასარევი ოჯახი ორი გადასარევი შვილით და ვიღაც თუ დააპირებს ამ ოჯახში შემოსვლას, ჩვენ დავფიქრდებით… მაშინ, როცა ოჯახი მყავდა, თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა. განქორწინებაც არ ყოფილა ტრაგედია, რომელმაც დაღი დამასვა. ზუსტად ამიტომ ვარ დღეს ასეთი ლაღი. არ ვარსტერეოტიპების ტყვეობაში და რაღაცის მოლოდინში… შეიძლება, ადამიანთან არაოფიციალურად 15 წელი გაატარო და იყო უბედნიერესი, ორწლიანმა ოფიციალურმა ურთიერთობამ კი ბედნიერება ვერ მოგიტანოს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g