ანი კეკუა ჟურნალ „თბილისელებთან“ დედის გარდაცვალებას იხსენებს და აღნიშნავს, როგორ ვერ შეეგუა მისი ამქვეყნიდან წასვლას:
„დედის იმქვეყნად წასვლის შემდეგ ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. ის იყო ადამიანი, რომელიც მაკვალიანებდა, მიმართულებას მაძლევდა, ჩემი მამოტივირებელი იყო, მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა, სულ ფორმაში ვყავდი და პირველი იყო, ვისაც აზრს ვეკითხებოდი. დედა წარმოშობით ბერძენი იყო, პირდაპირი ხასიათის და მეც მისი ხასიათი გამომყვა. ორი წელიწადი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, თითქოს აზრი არ ჰქონდა არაფერს, ყველაზე მეტად ვინც მიყვარდა, მამოძრავებელი ძალა წამერთვა. დედის გარდაცვალების შემდეგ უმწეობის შეგრძნება დამეუფლა. თითქოს ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი, მაგრამ რაც დედა აღარ არის, ბევრად გამირთულდა ყველაფერი. მივხვდი, მანამდეც ვიყავი დამოუკიდებელი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ შევიგრძენი, რა არის ნამდვილი დამოუკიდებლობა. დედა რომ გარდაიცვალა, მივხვდი, იმ წამს გავიზარდე. ჩემ გვერდით აღარ არის ადამიანი, ვისაც შემიძლია, გული გადავუშალო ძალიან მენატრება…“