„ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ წარმოდგენილი იყო 30 000 დამკვირვებელი, რომელიც კრიტიკულად აკვირდებოდა არჩევნებს, ხელისუფლებასთან ლოიალური კი არ იყო, არამედ კრიტიკულად აკვირდებოდა არჩევნებს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
როგორც მან აღნიშნა, იმდენად გამჭვირვალე და წარმომადგენლობითი იყო არჩევნების პროცესი, რომ ოპოზიცია ვერაფერს ამბობს და ამიტომ არიან გადასული ახლა თვითშემოქმედებაში და თვით ილუზიაში, რომ რაღაც საკითხები მოიგონონ:
„76 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და მათ ჰყავდათ 1700 დამკვირვებელი. გარდა ამისა, 111 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა არჩევნებს და ამ ადგილობრივ ორგანიზაციებს ჯამში ჰყავდათ 23 000 დამკვირვებელი. ამას ემატება კიდევ მედია ორგანიზაციები – 199 მედია ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, 2800 წარმომადგენლით, რაც ნიშნავს ჯამში 27 500 დამკვირვებელს.
ამას ემატება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ წარმოდგენილი იყო 30 000 დამკვირვებელი, რომელიც კრიტიკულად აკვირდებოდა არჩევნებს, ხელისუფლებასთან ლოიალური კი არ იყო, არამედ კრიტიკულად აკვირდებოდნენ არჩევნებს. მანიპულაციებს თვითონ რომ იგონებენ, თვითილუზიაში რომ არიან, თვითაღქმებში რომ არიან და ამ ყველაფერს რომ იგონებენ, ეს 30 000 დამკვირვებელი არაფერს აკეთებდა?
ხედავდა და რეაქცია არ ჰქონდა თუ რაშია საქმე? ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმდენად გამჭვირვალე იყო პროცესი, იმდენად წარმომადგენლობითი იყო პროცესი, რომ ვერაფერს ვერ ამბობენ და ამიტომ არიან გადასული ახლა თვითშემოქმედებაში და თვითილუზიაში, რომ რაღაც საკითხები მოიგონონ თითქოს ხსნართან დაკავშირებით, როგორც თვითონ ამბობენ, რომ რაღაც პრობლემა იყო და ვითომ ხსნარი ეს ის ხსნარი არ იყო, 30 000 დამკვირვებლიდან ნუთუ ერთმა მაინც ვერ გადაიღო, ვერ აღბეჭდა და ვერ წარადგინა საჩივარი? ეს ხომ სრული ნონსენსია, რომ ასეთი რამ მოხდა და 30 000 დამკვირვებლიდან ერთი ვიდეო მტკიცებულება არ აქვთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.