საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსი დეპუტატების თბილისში ჩამოსვლას ეხმიანება და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე მათ მონაწილეობას გმობს.
ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი.
პარლამენტის ვიცე სპიკერი: რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა
“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა???? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში – ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას!!!!
აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია!
და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ის რომ “ფეისბუქ” პოსტი ნამდვილად საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის “ფორტუნამ” პრეზიდენტის პრესსამსახურთან გადაამოწმა, სადაც განაცხადეს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდია და განცხადებაც ოფიციალურია.
დღეს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. სხდომას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი წაიყვანს, რომელიც პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში ზის. ასამბლეას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. მათი განცხადებით, სერგეი გავრილოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული, რასაც უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს. რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქციაც.