ცხინვალის თეატრის მსახიობი ვეფხია კასრაძე, რომელიც 4 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს, „ტვ პირველს“ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს უგზავნის.
წერილში, რომელსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს, ვეფხია კასრაძე წერს, რომ „ეს თაობა აუცილებლად გაარღვევს უკუნს და შეძლებს ძლიერი საქართველოს აშენებას“.
„მოგესალმები, ჩემო საქართველო! მოგესალმებით რუსთაველის გამზირის გმირებო! გილოცავთ შობა-ახალ წელს და ახალი საქართველოს დაბადებას! დღეს სწორედ რუსთაველზე დგას ის უზარმაზარი გრდემლი, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის ფარი და მახვილი იჭედება! სადაც საქართველოს ჯაჭვის პერანგი იქსოვება! და იმ ჯაჭვის პერანგის თითოეული რგოლი თქვენ ხართ, თითოეული ახალგაზრდა, თითოეული მოქალაქე. ბრძოლის ცეცხლში გატარებული და საკუთარ სისხლში გაციებული როგორც ფოლადი, ხორუმის ცეკვით რომ ექსოვებით საქართველოს ჯაჭვის პერანგად, ჩვენ აქ გავდივართ წრთობას ციხის კედლებში. ჩვენი სამჭედლოც და გრდემლიც აქ არის. ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს გატეხოს ამ მართლაცდა ფოლადის გულა ახალგაზრდების გულები, ესენი საქართველოს ჰგვანან, თავიანთი ბობოქარი უტეხი სულებით. გამორჩეული კაცთმოყვარეობით, მიმტევებლები, არნახული ნიჭიერებით და ზრდილობით, მეგობრობით და გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით. განა ასეთი არ არის საქართველო? ეს თაობა აუცილებლად გაარღვევს უკუნს და შეძლებს ძლიერი საქართველოს აშენებას, რაც, სამწუხაროდ, ჩვენმა თაობამ ვერ შევძელით.
ბედნიერი ვარ, ამ გმირების გვერდით რომ ვარ და მათი ჭირ-ვარამის მოზიარე ვარ. მათთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ, მათთან ერთად პურს ვტეხ და ლუკმას ვინაწილებთ. ბედნიერი ვარ, რომ მათზე ზრუნვის საშუალება მეძლევა, ვინც ჩემს საკანში იმყოფება. ეს ჩემი შვილების თაობაა და ვალდებული ვარ, ვიზრუნო მათზე. აქამდე თუ ხუთი შვილი მყავდა, ახლა 8 შვილის მამა ვარ, ესენი ჩემი შვილები არიან და ყველა ის ახალგაზრდა, რომლებიც სხვადასხვა საკანში იმყოფებიან, ყოველდღე ვკითხულობ მათ ამბებს და მხოლოდ და მხოლოდ მათი სიმტკიცის, კულტურის და მაღალი ზნეობის ამბებს ვიგებ. მათ ყველა თანამშრომლის სიმპათია და პატივისცემა დაიმსახურეს ამ ერთი თვის განმავლობაში. თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი შვილებით დედებო და მამებო. ვერც კი წარმოიდგენთ, რა კაცები გაუზარდეთ სამშობლოს. ამიტომ გისურვებთ მხნეობას თქვენ და მთელს საქართველოს.
„რუსთაველის მცველებო“, არ დანებდეთ, არ დაიღალოთ. იბრძოლეთ ბოლომდე, არ დათმოთ საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მადლობა ყველას, ვისაც გახსოვართ, არ გავიწყდებით და იბრძვით ყოველდღე ჩვენი თავისუფლებისთვის, რითაც უდიდეს მხნეობას გვმატებთ!
დიდება საქართველოს!
თქვენი თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, მალე სანატრელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და როდესაც ერთად ამ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ, ამ სიტყვებით მოგმართავთ:
„გეტყვი, რომ მოვედ, ბრძოლანახული
და სიკვდილამდე თქვენთან დავრჩებით
ხომ ლამაზია მზე გაზაფხულის?
ბრძოლების შემდეგ მზე გამარჯვების!“ – წერს ვეფხია კასრაძე „ტვ პირველისთვის“ გაგზავნილ წერილში.
ვიდეო: „ჩემ შვილებს თოვლის ბაბუა არ ახსოვთ, მამას ელოდებიან“ – ვეფხია კასრაძის მეუღლე
ფოტო სლაიდზე: „მთავარი არხი“ „ტვ პირველი“