“იქ ისეთი რამოდენიმე სახე დავინახე, რომ ჩემთვისაც ცხადი გახდა ყველაფერი,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე გამართული აქციის კომენტირებისას გააკეთა.
კალაძის თქმით, გუშინ თბილისში არ იმყოფებოდა და როცა ბრუნდებოდა, გზაში მიიღო ინფორმაცია, რომ ახალგაზრდებს შრომის უსაფრთხოების საკითხზე მასთან შეხვედრა სურდათ.
“ მე თბილისში არ ვიმყოფებოდი, გზაში ვიყავი და როცა მომაწოდეს ინფორმაცია, იყო მზაობა ჩემი მხრიდან, შევხვედროდი, მომესმინა მათი პრობლემები, მიმეწოდებინა ჩვენი მხრიდან, თუ რა გავაკეთეთ, რა ცვლილებები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, მათგან მიმეღო ინფორმაცია, სად არის ხარვეზები და სად იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ კარგად დაინახა. იქ რამოდენიმე ისეთი სახე დავინახე, რომ ჩემთვისაც ცხადი გახდა ყველაფერი… ყველაფერი გასაგები იყო. აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ყველაფერს, ამაზე აღარ გავაგრძელებ,”- განაცხადა კახა კალაძემ.
31 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად, ორი მუშა დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე აქცია გაიმართა, სადაც 6 ადამიანი დააკავეს, მათ შორის თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. ამ დროისთვის 6-ვე გათავსუფლებულია.
მუშების გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.