აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, საკანონმდებლო ორგანოს წრე შემოარტყეს და ჯაჭვი შეკრეს. მათი თქმით, ეს აქტი არის მათი “მოქალაქეობრივი ხორუმი”. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები.
მანამდე კი, ორგანიზატორებმა რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების სახელით განცხადება გაავრცელეს. მოქალაქეთა განცხადება აქციის წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა წაიკითხა:
„საქართველოს მოქალაქეები არ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიულ პარტნიორების დაკარგვას, რასაც რუსული კანონის მიღება გამოიწვევს. საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ უნდა გახდეს ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლების გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოდან. საქართველოს მოქალაქეები არ დავუშვებთ დემოკრატიის ჩანაცვლებას ანტიკონსტიტუციური, ავტორიტარული მმართველობით. ამიტომ, დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით მარშით საქართველოს პარლამენტის მიმართულებით. მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს. ეს იქნება ჩვენი მოქალაქეობრივი ხორუმი. შევკრავთ ჯაჭვს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა ერთობის სიმბოლოს“, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.
რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას რატი ამაღლობელმა განაცხადა, რომ 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენას გააპროტესტებენ. თუმცა, მისი თქმით არ აპირებენ გადაიკვეთონ თანამოქალაქეებთან, რომლებსაც „ხელისუფლება საღამოს საათებში პარლამენტთან შეკრებს“.
ამაღლობელის თქმით, თუ ხვალ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს „რუსული კანონის“ პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ჯგუფები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხელი შეუშალონ “ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას”.
„ჩვენ 29 აპრილს გავაპროტესტებთ საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ გადავიკვეთოთ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან. ხელისუფლებას კატეგორიულად მოვუწოდებთ, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული მოსმენა, მაგრამ თუ ხვალ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს „რუსული კანონის“ პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მოქალაქეობრივი ჯგუფები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხელი შეუშალონ ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ პლენარული მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩაინიშნოს ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოქალაქეებს მოვუწოდებთ“, – აღნიშნა რატი ამაღლობელმა.
აქციაზე გამოსვლისას ამაღლობელმა განაცხადა,რომ საპროტესტო მოძრაობას „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა“.
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან
ცნობისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან განლაგებული. აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.