უკრაინაში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გადაასვენეს.
როგორც დავით გობეჯიშვილის მეუღლე ტელეკომპანია “პირველთან” აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოს გარდა, ოჯახისთვის არავის მიუმართავს.
დაღუპულის მეუღლე ამბობს, რომ ქართველ მებრძოლს არავისგან სჭირდება წოდების მინიჭება და ოჯახმა იცის, რომ გობეჯიშვილი ყოველთვის გმირი იქნება:
“დამიკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საკონსულოდან და მითხრეს, რომ ჩვენ ავიღებთ გადმოსვენების ხარჯებს, მეტი არაფერი, მეტი არავინ შეგვხმიანებია.
ეს არის მათი გადასაწყვეტი, თორემ მე არ მჭირდება მაგათი არაფრის მინიჭება, მე ვიცი და ჩემმა ოჯახმა იცის, რომ ჩემი მეუღლე იყო გმირი და ყოველთვის გმირი იქნება.
როდესაც უკრაინაში ეს მოვლენები დაიწყო, რამდენჯერმე თქვა, რომ უნდა წავიდე, აქ ვერ გავჩერდები და აქედან ვერ ვუყურებო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგებოდით, რომ არ წასულიყო, ეს ნაბიჯი არ გადაედგა, მაგრამ, ჩვენც ვიცოდით, რომ აზრი არ ჰქონდა”, – განაცხადა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლემ.
შეგახსენებთ, დავით გობეჯიშვილი, რომელიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძოდა, 26 მარტს, შეტაკებების დროს ქალაქ ირპენთან დაიღუპა.
გობეჯიშვილი უკრაინაში მოხალისედ 4 დღის ჩასული იყო, ის სოხუმიდან დევნილი იყო და ტყიბულში ცხოვრობდა.
დავით გობეჯიშვილი მტრის წინააღმდეგ იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებშიც.