ლეგენდარულმა ფრანგმა მსახიობმა, ალენ დელონმა, რომელიც ახალ ფილმზე ამჟამადაც მუშაობს, განაცხადა, რომ ეს მის კარიერაში უკანასკნელი პროექტი იქნება. 81 წლის ვარსკვლავის ეს ნათქვამი გამოცემამ Le Parisien გაავრცელა.
„ეს ფილმი ბოლო იქნება ჩემს კარიერაში, რადგან ისევე, როგორც მოკრივემ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ზედმეტ ბრძოლაში, მეც არ მინდა გამოვჩნდე ზედმეტ ფილმში“, – განაცხადა მსახიობმა.
დელონის თქმით, მას მობეზრდა ფილმებში მონაწილეობა და ამიერიდან უპირატესობას თეატრს მიანიჭებს, რადგან მისი საშუალებით პუბლიკასთან მეტი კონტაქტი აქვს. „მელვილი, კლემენტი და ვისკონტი გენიალურები იყვნენ, მათ ნამდვილად უყვარდათ კინო და იცოდნენ მსახიობებთან მოქცევა… ის, რომ მომბეზრდა, სწორედ იმისი ბრალია, რომ ასეთი რეჟისორები აღარ არსებობენ“. – განუცხადა დელონმა გამოცემას.