LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ უნდათ, რომ საქმის მასალებთან წვდომა მქონდეს” – ია კერზაიას შვილი გენერალურ პროკურორს სარჩელით მიმართავს

156
20181224213532360056171

ბაჩანა შენგელია დღეს გენერალურ პროკურორს სარჩელით მიმართავს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ითხოვს უკანონოდ იყოს მიჩნეული პროკურატურის უარი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე.

“გადაწყვეტილება კანონის თანახმად საჩივრდება და შესაბამისად, ვაპირებ, რომ მივმართო გენერალურ პროკურორს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჩემს ცნობაზე, რათა საქმის მასალებს გავეცნო. ეს სტატუსი იმისთვის არის საჭირო, რომ საქმის მასალებთან მქონდეს წვდომა და ვიყო მხარე, ვისარგებლო იმ უფლებამოსილებით, რითაც სარგებლობს დაზარალებული.

შესაძლოა, რომ პროკურატურიდან ამის შემდეგაც იგივე პასუხი დამიბრუნონ, მაგრამ კანონში არ წერია, რომ მაინც და მაინც უნდა გამოიკვეთოს. კანონში წერია, რომ დაზარალებულად ცნობა შესაძლებელია იმ დანაშაულის საქმეზე, რასაც მოჰყვა გარდაცვალება. შესაბამისად, მათ პირდაპირ უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება ჩემი განცხადების გარეშეც, თუმცა ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დრო გაიყვანონ”– აცხადებს ბაჩანა შენგელია

მისივე თქმით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მისცემდა საქმის მასალების გაცნობის და საპროცესო მოქმედებების შესაძლებლობას, რაც სააშკარაოზე გამოიტანდა გამოძიების უმოქმედობას.

“უკვე რამდენი ხანია აწარმოებენ გამოძიებას და წერილში მიპასუხეს, რომ 13 მარტს გააგზავნეს ექსპერტიზაზე საბუთები. მანამდე რას აკეთებდნენ? 13 მარტამდე გარდაცვალების მიზეზი რატომ არ დაადგინეს?

ჩემს დაზარალებულად ცნობას წინ არაფერი არ უდგას, უბრალოდ არ უნდათ, რომ მე საქმის მასალებთან წვდომა მქონდეს,“ – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ვიდრე არ დადგინდება ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით ჩადენილი კანონდარღვევა და გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოკვეთება, ია კერზაიას შვილს დაზარალებულად ვერ ცნობენ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სკოლის შემოწმების საბაბი იყო რეალურად არარსებული პირის, ვინმე ლავრენტი ქირიას წერილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების საქმეზე გამოძიება თებერვალში დაიწყო. საქმე აღძრულია სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g