ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. 30 ივნისს, მას შემდეგ რაც თამარ ჟვანიამ ფეისბუქპოსტის მეშვეობით ამცნო საზოგადოებას თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატი, ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე იქნებოდა.
ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში უარყო აღნიშნული ინფორმაცია და დასძინა, რომ “არ აპირებს განხეთქილების ვაშლი იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის”.
„ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ოპოზიცია ახსენებს ჩემს კანდიდატურას. ამბობს, რომ თითქოს ჩემი კანდიდატურა განიხილება. თუმცა, ასეთი რამ არ ხდება. ამ თემაზე სამოქალაქო სექტორთან, ჩემს კოლეგებთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. იმ განცხადებების ფონზე, რასაც ახლა ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი აკეთებს, რომელიც მივლენილია კომისიაში, იმას ნიშნავს, რომ ჩემი საბუთების შეტანა კონკურსზე და ჩემი ნომირირება, შეიძლება პრობლემური გახდეს.
ამ პროცესში მე მონაწილეობას არ მივიღებ, არც როგორც თავმჯდომარის კანდიდატობაზე, არც ორი ვაკანტური წევრის თანამდებობაზე.
ოპოზიციამ როგორც კი თამარ ჟვანია გადადგა, მაშინვე დაიწყო ჩემი სახელისა და გვარის ხსენება. ჩემი კანდიდატურის წარდგენას შესაძლოა, სერიოზული პრობლემები მოჰყოლოდა. ეს პოზიცია მათი მხრიდან ღიად იქნა დაფიქსირებული. ბუნებრივია შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მათ ამ თვალსაზრისით მიზანს მიაღწიეს.
მე არ ვაპირებ განხეთქილების ვაშლი ვიყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და პრობლემა შევუქმნა იმ პროცესს, რომლისთვისაც თამარ ჟვანია გადადგა და ამხელა საარჩევნო რეფორმა გავაკეთეთ“. – განაცხადა ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გუშინ გამოსცა.
ცესკოს თავმჯდომარემ თანამდებობა პირველ ივლისს დატოვა.
ამავე თემაზე:
ოლიგარქი ვირეშმაკურად თამაშობს – ჩარკვიანი ჟვანიას გადადგომაზე
არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს დავუკავშიროთ – სარჯველაძე ჟვანიას გადადგომაზე
არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას – სამნიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე
“ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა” – ხოშტარია ჟვანიას გადადგომაზე