ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტოლფასი ნახევარფინალი ისე დამთავრდა, რომ თითქოს ინტრიგა მოკვდა. „ბარსელონამ“ 3:0 მოუგო „ლივერპულს“, მაგრამ უნდა ითქვას, რომ დიდი ანგარიში არ ასახავს მატჩის მიმდინარეობას. ინგლისურმა გუნდმა ისე ითამაშა „ნოუ კამპზე“ როგორც ალბათ არავის გაუკეთებია – ბურთსაც ფლობდა და თამაშსაც აკონტროლებდა, მაგრამ არასოდეს არაფერია საკმარისი, როდესაც მეორე გუნდს ყავს – მესი! ეს კაცი ადამიანია?!
ლეო მესიმ საკლუბო კარიერაში 600 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, პირველი გოლიც 1 მაისს გაიტანა – 14 წლის წინ, „ალბასეტესთან”.
მესის ჩემპიონთა ლიგაზე 32 გუნდისთვის აქვს გატანილი გოლი. რეკორდსმენი რაულია (33 გუნდი).
მესის ინგლისური კლუბებისთვის 33 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი. მან პირველად გაუტანა „ლივერპულს“.
ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა.
„ბარსელონა” მეორე გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც 500-გოლიან ზღვარს მიაღწია. პირველი მისი მტერი მადრიდის “რეალია” – 551.
„ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე 32 მატჩია შინ არ აგებს.
„ბარსელონამ“ 3+ გოლი გაიტანა ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8 შემტხვევაში ლიგის პლეი-ოფის თამაშებში.
„ბარსელონამ“ ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობა დააყენა ჩემპიონთა ლიგაზე.
„ლივერპულმა“ მეორედ წააგო ისტორიაში დიდი ანგარიშით ლიგაზე.
„ლივერპულმა“ აჯობა „ბარსას“ დარტყმებით, ბურთი ფლობით, პასებით და გარბენით, მაგრამ წააგო 0:3.
ორივე ინგლისურმა გუნდმა წააგო პირველი ნახევარფინალი და არცერთს ერთი გოლიც არ გაუტანია.
ბარსელონა-ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 სუარესი (26), 2:0 მესი (75), 3:0 მესი (82)
ერნესტო ვალვერდე:
“ყველა ცდილობს, მეტოქეს თავისი თამაში მოახვიოს თავს და ხანდახან მოწინააღმდეგე დომინირებს. დღეს ეს გაგვიჭირდა. სამი გოლი გავიტანეთ და იმედია, მოპოვებულ უპირატესობას არ გავანიავებთ.
ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მესის და მიუხედავად ამისა, მუდამ გვაოცებს. თანაც, პრესინგშიც იღებდა მონაწილეობას. არც მეგონა, თუ იმ სიშორიდან საჯარიმოს დაარტყამდა. ის მეტოქეებს შიშის ზარს სცემს. დღეს გუნდურმა თამაშმა გამოიღო შედეგი.
ნუ დაგვავიწყდება, გასულ სეზონში მეოთხედფინალში პირველი შეხვედრა 4:1 მოვიგეთ და საბოლოოდ გავვარდით. ასე რომ, ინტრიგა ცოცხალია”, – განუცხადა ვალვერდემ “მარკას”.
ლეო მესი:
“შესანიშნავად ვითამაშეთ და გახარებულები ვართ. “ბარსელონას” მშვენიერი პერიოდი უდგას. ამ დროს უფრო შეკრულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთად ბევრს მივაღწევთ.
სწრაფ და ათლეტურ “ლივერპულს” გავუძელით. უბურთოდ თამაშს მიჩვეულნი არა ვართ და ბევრი ძალა დაგვეხარჯა.
ოთხი გოლი სამზე უკეთესი იქნებოდა. თუმცა, შედეგი კარგია. მთავარია, გოლი არ გავუშვით”.