თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში, თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწემ ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე იძალადა, რა დროსაც იგი იატაკზე დააგდო. ასევე დადგინდა, რომ მან 2018 წლის იანვარში, ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა, რის შედეგადაც ბავშვი იატაკზე დაეცა. ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
‘ე.ჯ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; ორი ეპიზოდი) წარედგინა,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.