LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავინ იფიქროს, რომ შეიძლება პრეზიდენტი გამოიყენო, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინო“ – რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ევროპელ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ: ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები

165
სალომე ზურაბიშვილი, პრესკონფერენცია ევროპელ მინისტრებთან

„ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში – არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, არავინ უნდა იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო.

„ვისაუბრეთ, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯები. ძალიან გარკვეულად ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა.

ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს, ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპელ პარტნიორებს სამომავლო გეგმები გააცნო, თუ როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მუშაობს.

,,მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე” – სალომე ზურაბიშვილი

„დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისთვის მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ. რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას. ყველამ იცის, რომ ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს. რომელიც ამ არჩევნებით თავის გზაზე დააბრუნებს საქართველოს. ჩვენი უახლოესი მომავალია მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც მეგობრები არიან პირველივე დღიდან, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. რომლებიც ყოველდღე გვეხმარებიან, მოგვცეს შანსი, რომ მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირება, კანდიდატის სტატუსი. მეგობრები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, იქნებიან ჩვენს გვერდით, როგორც კი ჩვენ ჩვენს გზას დავუბრუნდებით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებითვე, საქართველოს საზოგადოება „არასოდეს დაუბრუნდება რუსულ წნეხს“.

„ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზეც ყველანი ვსაუბრობდით, რომ 80% თუ 85% ჩვენი საზოგადოების მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, მხოლოდ ციფრები არ იყო და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში ვუყურებთ და რითაც შეგვიძლია ნამდვილად ყველამ ვიამაყოთ. ეს არის იმის მტკიცებულება ასევე, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად იმ ღირებულებებზე დგას, რომელიც არის ევროპული ღირებულებები – დემოკრატიულობა, თავისუფლება და ის ღირებულება, რომელიც არის ევროპული ღირებულება და ყოველთვის იყო ის, რისთვისაც საქართველო იბრძოდა, ანუ დამოუკიდებლობა. ეს საზოგადოება ამ ღირებულებებით და შემართებით არასოდეს არ დაუბრუნდება რუსულ წნეხს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოში ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი ჩამოვიდნენ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები