LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ისე კარგი წილისყრა: სად და როგორ ითამაშებენ ქართული გუნდები ევროპა ლიგაზე

38

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა და სამივე ქართული გუნდის მეტოქე გაირკვა.

თბილისის “დინამოს” შესაძლო მეტოქეებიდან (“პროგრესი” (ლუქსემბურგი), “შიროკი ბრიეგი” (ბოსნია), “შკუპი” (მაკედონია), “სტუმბრასი” (ლიეტუვა), “დუნაისკა სტრედა” (სლოვაკეთი) წილისყრამ სლოვაკეთის წარმომადგენელი “დუნაისკა სტრედა” შეახვედრა. პირველ შეხვედრას სლოვაკები 12 ივლისს უმასპინძლებენ, ხოლო მეორე, 19 ივლისს “დინამო-არენაზე“ გაიმართება.

საჩხერეს “ჩიხურას” ხუთი შესახლო მეტოქე ჰყავდა – “ლეხი” (პოლონეთი), “ბეითარი” (ისრაელი), “ლევსკი” (ბულგარეთი), “ირტიში” (ყაზახეთი) და “ჟელეზნიჩარი” (ბოსნია). მასაც მძიმე მოწინააღმდეგე ეყოლება – ისრაელის „ბეითარი“. „სამტრედიას“ მსგავსად, სახერელებიც პირველ მატჩს სახლში გამართავენ, ხოლო განმეორებითს – გასვლაზე.

შეგახსენებთ, რომ “სამტრედიას” ყაზახური „ტობოლი“ შეხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ნახევარმცველი – კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ.

მაგრამ:

გაურკვეველია, საშინაო შეხვედრას ორი ქართული გუნდი სად ჩაატარებს. საქმე ისაა, რომ“ჩიხურა” „ბეითართან“ პირველ მატჩს სახლში 12 ივლისს გამართავს, ხოლო გასვლაზე – 19 ივლისს. “სამტრედიასაც“ მსგავსი განრიგი აქვს: კოსტანაის „ტობოლს“ სახლში 12 ივლისს უნდა უმასპინძლოს, ხოლო 19 ივლისს ყაზახეთში ესტუმრება.

პრობლემა ისაა, რომ ეს გუნდები საკუთარ სტადიონებზე ვერ თამაშობენ და საშინაო არენად ორივემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი მიუთითა. ერთ დღეს კი ერთ სტადიონზე ორი მატჩის გამართვა შეუძლებელია.

შესაძლოა, მოხდეს ისე, როგორც წინა წელს. მაშინაც ანალოგიური პრობლემა შეიქმნა და „ჩიხურამ“ თამაში ორი დღის დაგვიანებით გამართა. რომელიმე გუნდმა მატჩის განრიგი უნდა შეცვალოს.
თუმც არც ისაა გამორიცხული,“სამტრედიამ” საშინაო არენა შეცვალოს და ქუთაისში ითამაშოს.
ვნახოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები