პირველ ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM”-ის სტუმარმა, ბარიტონმა ლადო ათანელმა, რომელიც მეუღლესთან მანანა ჩიქოვანთან ერთად სტუმრობდა გადაცემას, საკუთარ შემოქმედებით და პირად ცხოვრებაზე მოუთხრო მსმენელს.
– ბატონო ლადო, როგორ მოგწონთ შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობა?
– პირველ რეპეტიციაზე, როცა საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის საშუალება მომცეს, ჩავთვალე, რომ საცეკვაო შოუში ჩემი ადგილი არ იყო, თუმცა ჩემმა პარტნიორმა ირა კვიტინსკაიამ დამარწმუნა, რომ ყველაფერს შევძლებდი და საბოლოოდ მეც დავთანხმდი.
– ქალბატონო მანანა, მე მგონი თქვენ უფრო ღელავდით, ვიდრე ბატონი ლადო,
– სიმართლე ვთქვა, ასე არც „ლა სკალას“, არც „მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენაზე გამოსვლის დროს არ მინერვიულია. მეგონა, თავიდანვე უარს ეტყოდა და ძალიან გამიკვირდა, როცა რეპეტიციაზე მისვლა მოინდომა, თან ძალიან თავდაჯერებულმა გამომიცხადა, რომ რამდენიმე დღეში ისწავლიდა ცეკვას და მემგონი, მართლა ისწავლა, რადგან ძალიან მომეწონა მისი გამოსვლა.

– რამდენად რთულია ლადო ათანელის მეუღლეობა?
– ძალიან რთულია, რადგან ლადოს კახური ხასიათი აქვს. მაგალითად, თავისუფლად შეუძლია უარის თქმა „ქოვენთ-გარდენის“ დირექტორს მიწვევაზე. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ ჩემს რჩევებს ითვალისწინებს, მაგრამ სინამდვილეში, ყოველთვის იმას აკეთებს, რაც თვითონ უნდა, ამასთანავე, როგორც ქალწულის ზოდიაქოს ნიშანი, ძალიან ბევრს მაკრიტიკებს.
– განსაკუთრებული სიურპრიზებით თუ განებივრეთ?
– რა თქმა უნდა, არა. ვის გაუგია ქიზიყელი კაცის სიურპრიზი?!

– ბატონო ლადო, როდის გაგიტაცათ საოპერო მუსიკამ, როგორც ვიცი, თავიდან სულ სხვა პროფესიის არჩევას ფიქრობდით,
– ჩემი და სწავლობდა კონსერვატორიაში, მის გაკვეთილს დავესწარი და სწორედ მაშინ დაინტერესდა მისი პედაგოგი, ბატონი ჯემალ ლორთქიფანიძე ჩემი ხმით, მამღერა, ძალიან მოეწონა და კონსერვატორიაში ჩაბარება შემომთავაზა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მეტიც, უნივერსიტეტში გადავწყვიტე ჩაბარება აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა სამი გამოცდის ჩაბარების შემდეგ ყველაფერი მივატოვე და ბატონ ჯემალთან დავბრუნდი. მხოლოდ ერთი თვე ვიმეცადინე და საოცარი კომპლიმენტი დავიმსახურე, „შენ გენაცვალე, მაგ ყელშიო“, – სწორედ ასე შემაქო კონკურსის ჟიურის წევრმა. თავიდან ყველაფერი მარტივად მომეჩვენა და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რამდენად რთული პროფესია ავირჩიე.
– რა არის ყველაზე რთული თქვენს პროფესიაში?
– მართალია, განსაკუთრებული მსხვერპლი არ გამიღია, მაგრამ გარკვეულ დათმობებზე მაინც მომიხდა წასვლა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვმუშაობ, ამიტომ ნაკლებად ვურთიერთობ მეგობრებთან, უფრო ეგოისტური ცხოვრების წესს მივდევ და სულ ხმას ვუფრთხილდები.

– ნანობთ თუ არა რაიმეს?
– არაფერს არ ვნანობ. ვფიქრობ, ძალიან წარმატებით წარიმართა ჩემი კარიერა, თუმცა ზოგჯერ კინოს მსახიობობა მინდა.
– ქალბატონო მანანა, რა თვისებას აფასებთ ბატონ ლადოში ყველაზე მეტად?
– საოცრად ნიჭიერი ადამიანია, ყველაფერი გამოსდის, რასაც მოინდომებს. მეტიც, საგურამოს სახლი მისი აშენებულია, ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა.
– ბატონო ლადო, გაქვთ თუ არა საოცნებო არია?
– (მანანა ჩიქოვანი) ძალიან მინდა, რომ კიაზოს პარტია იმღეროს „დაისიდან“. ვფიქრობ, ძალიან მოუხდება ეს როლი.
– სიამოვნებით ვიმღერებდი. ჩემი პერსონაჟის წარმოდგენაც კი შემიძლია შავ ჩოხაში.

– ქალბატონო მანანა, ვინ ზრუნავს ბატონი ლადოს კოსტიუმებზე?
– რა თქმა უნდა, მე ვზრუნავ. როცა საჭიროა, კოსტიუმერიც ვარ, რეჟისორიც და გრიმიორიც.
– (ლადო ათანელი) ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ახლობელი – ის, ვის აზრსაც ენდობი, გაფასებს კრიტიკულად. ყოველთვის ძალიან მეხმარება მანანას სპექტაკლებზე დასწრება, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ობიექტურად შემაფასებს და ხარვეზებზეც ზუსტად მიმითითებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შემოქმედება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩვენი და ორივესი ერთნაირადაა.
– გაქვთ თუ არა განსაკუთრებული ჩვევა სცენაზე გასვლამდე?
– სპექტაკლის დღეს სამი საათამდე არავისთან არ ვურთიერთობ, მარტო ვრჩები საკუთარ თავთან, ვფიქრობ, სუნთქვით ვარჯიშებს ვატარებ და ფსიქოლოგიურად ვემზადები სპექტაკლისთვის.
