LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების შემდგომი სიურპრიზი – შესაძლოა, თბილისში მგზავრობა გაძვირდეს

არჩევნების შემდეგ თბილისელებს შესაძლოა, სიურპრიზი ელოდება და  მათ  უკვე გაძვირებული ტრანსპორტით მოუწიოთ მგზავრობა. მგზავრობის საფასურის გაზრდა ახალი თემა არ არის და პერიოდულად აქტიურდება და ბოლოს  თბილისის  ბიუჯეტიდან სუბსიდირების მსგავსი ქმედებით  გადაწყვიტეს, რომ საფასური არ გაზრდილიყო. თუმცა,  სუბიექტური  და ობიექტური მიზეზების გამო, ეს საკითხი აქტუალობას არ კარგავს და საფასურის არგაზრდას დროებით ღონისძიებად მიიჩნევენ და შესაბამისად, არჩევნების შემდეგ უკვე გაძვირებას ელოდებიან.

ადგილობრივი არჩევნების წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, როგორც დედაქალაქის მთავრობისთვის ასევე ოპოზიციისთვის. ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტებით ორივე მხარე ცდილობს, საზოგადოების თვალში ქულები დაიწეროს. ტრანსპორტის ღირებულება კი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ოპოზიციაში უკვე დაიწყეს საუბარი, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მგზავრობის ფასი აუცილებლად გაიზრდება, საპირისპიროს ამტკიცებენ დედაქალაქის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიაში და მოქალაქეებს ჰპირდებიან, რომ ტრანსპორტის ღირებულებას არცერთ შემთხვევაში არ გაზრდიან. ამასობაში კი  მოსახლეობისთვის ჭორ-მართალის გარჩევა რთულია, არ იციან, ადგილობრივი ხელისუფლების დაპირება ტრანსპორტის ღირებულების სტაბილურობასთან დაკავშირებით დაიჯერონ, თუ ოპოზიციური პარტიების წევრების სიტყვას ენდონ და მერიის სიტყვები წინასაარჩევნოდ უხვად დარიგებულ ერთ-ერთ რიგით დაპირებად მიიჩნიონ. 

„დიდი ალბათობით, მგზავრობის ღირებულება გაიზრდება“ – ოპოზიციის მოლოდინი

თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ნადირაძე, ერთ-ერთი მათგანია, ვინც მგზავრობის ღირებულების გაზრდაში თითქმის დარწმუნებულია. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, როგორმე ტრანსპორტზე ტარიფის ზრდა არჩევნებამდე შეაჩეროს, გამარჯვების შემდეგ კი საფასური გაიზრდება.

„როგორც სხვადასხვა წყაროებისგან გვაქვს ინფორმაცია, ფასების ზრდა მხოლოდ დროებით არის შეჩერებული, არჩევნების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება ტარიფების გაზრდას აპირებს, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი და არაოფიციალური ინფორმაცია,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ ირაკლი ნადირაძე.

ნადირაძე ტრანსპორტის საფასურის არასტაბილურობაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიასა და იმ კერძო სატრანსპორტო კომპანიას აკისრებს, რომელიც ყვითელ მიკროავტობუსებს აკონტროლებს. ნადირაძე ამტკიცებს, რომ  სატრანსპორტო კომპანიამ ადგილობრივ ხელისუფლებას, მგზავრობის საფასურის შენარჩუნების სანაცვლოდ, ყოველთვიური გადასახადის შემცირება მოსთხოვა, პირობა დაკმაყოფილდა, თუმცა სატრანსპორტო კომპანია ტარიფის გაზრდას მაინც ითხოვს.

„სატრანსპორტო კომპანიებს ყოველთვიური გადასახადი 50 ლარიდან  შეუმცირდათ მესამედამდე. ამან ბიუჯეტი თავისთავად დააზარალა. მიუხედავად ამ შეღავათისა, სატრანსპორტო კომპანიები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ისინი მერიასთან აქტიურად განიხილავენ მგზავრობის საფასურის ზრდას,“  – განმარტავს ნადირაძე.  

ის ჯერჯერობით ვერ საუბრობს იმაზე, თუ რამდენით შეიძლება, მოიმატოს საფასურმა, რადგან ამისთვის უკვე კონკრეტული გადაწყვეტილების შემდეგ იქნება მსჯელობა შესაძლებელი, თუ რა არგუმენტი დასახელდება გაძვირებისთვის. თუმცა, აქამდე, როდესაც გაძვირების საკითხი დგებოდა,  ყვითელი მიკროავტობუსების საფასურის გაზრდას  1 ლარამდე  ასახელებდნენ.

ოპოზიცია „ბოდავს“ – ხელისუფლების პასუხი

თბილისის საკრებულოს წევრის განცხადებებს თბილისის მიკროავტობუსში „ბოდვას“ უწოდებენ. კომპანია ადგილობრივ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც მგზავრობის საფასურის ზრდას გამორიცხავს. კომპანიაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილმა ფინანსურმა რყევებმა მათ გარკვეული ზარალი მიაყენა, სწორედ ამიტომ თბილისის მერიას გარკვეული შეღავათების მოთხოვნით მიმართეს. მერიამ სატრანსპორტო კომპანიას ყოველთვიური გადასახადი შეუმცირა.

„ცრუ ინფორმაციების გავრცელებას მოეშვან. შემდეგი სამი წლის განმავლობაში მგზავრობის ტარიფის ზრდა გამორიცხულია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და კერძო კომპანიამ ერთმანეთში მოვილაპარაკეთ და გარკვეული შეღავათების საფუძველზე ტრანსპორტის ტარიფი შევინარჩუნეთ,“ – აცხადებენ „თბილისის მიკროავტობუსში“. 

კომპანიის მტკიცებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან  მათ პირობებზე შეთანხმება   წერილობით აქვთ გაფორმებული და ამას მხარეები ვერ დაარღვევენ.

თუმცა,  თეორიულად ნებისმიერი შეთანხმების გადახედვა შეიძლება, თუკი ამისთვის სათანადო გარემოებები იქნება, ანუ  შეთანხმების დადების დროს არსებული ვითარება და  გავლენის მომხდენი ფაქტორები თუ შეიცვლება.  კონკრეტულად ტრანსპორტზე თუ ვისაუბრებთ, ამისთვის ძალიან მარტივი არგუმენტი იქნება  საწვავის გაძვირება,  სხვა ფაქტორებზე რომ არაფერი ვთქვათ.

მგზავრობის საფასურის შესაძლო ზრდას უარყოფენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურშიც. ტრანსპორტის სამსახურში „ფორტუნას“ მოკლედ უპასუხეს – „ეს არის ტყუილი. არანაირი ტარიფის ზრდა არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ არ იგეგმება“.

მანამ, სანამ ადგილობრივი არჩევნები ჩაივლის და საზოგადოება გაერკვევა, რომელი მხარე ამბობდა სიმართლეს და რომელი ტყუოდა, ერთი რამ ფაქტია – მიმდინარე წელს მგზავრობის საფასური უკვე გაიზარდა. მოკლე მანძილზე მოძრავმა ყვითელმა მიკროავტობუსებმა ტრანსპორტის ღირებულება 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გააძვირეს.

 

 

გვანცა ბზიავა

magti 5g