„2 დღეში ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა... ათასობით უცხო ადამიანი მწერდა, ამ სიმღერით მაქვს ოჯახი შექმნილი... ჩემი და ჩემი შეყვარებულის სიმღერააო...“ - ბექა ჩხაიძე

17 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი ბექა ჩხაიძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს 2 ახალი სიმღერა წარუდგინა და თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის, „პატარა ფერია“ ცოცხალი შესრულებაც შესთავაზა.

ბექა, შენი პროფესიული აღმავლობა იწყება 2000 წლიდან, პერიოდიდან, როცა გურამ თამაზაშვილმა „ალილო“ ჩამოაყალიბა. მოგვიყევი ამ პერიოდის შესახებ.

გურამ თამაზაშვილი და მთელი დიდი „ქართული ხმები“ ბაბუაჩემის მეგობრები იყვნენ. მე გურიაში ვიზრდებოდი და როდესაც ისინი გურიაში ჩამოდიოდნენ, ჩვენს სახლში დიდი სუფრა იშლებოდა ხოლმე და იყო ქართული ხმების გუგუნი. მეც ვესწრებოდი ამ ყველაფერს. სხვათა შორის, გოგი დოლიძე და ბაბუაჩემი გურამის ქალიშვილის ნათლიები არიან, ოჯახის წევრები ვართ. გურამის მამის ამაგი აქვს ჩემზე. შემდეგ თბილისში ჩამოვედი სასწავლებლად. 2000 წელს გურამმა მითხრა, რომ ანსამბლის შექმნას აპირებდა. მოკლედ, შევიკრიბეთ და ჩამოვყალიბდით ჯგუფი, სადაც 13 კაცი ვიყავით. გურამმა თავდაპირველად „ზარები“ დაგვარქვა. შემდეგ, 2007 წელს ჩავწერეთ ქალბატონ მარიკა კვალიაშვილის საშობაო სიმღერა და გადავიღეთ კლიპი, რომელშიც ლაშა ღლონტის გოგოც მღერის. კლიპი პატრიარქს უნახავს და დაგვიბარეს საპატრიარქოში, რადგან ძალიან მოეწონათ ჩვენი ნამუშევარი. „ალილო“ პატრიარქის კურთხევით დაგვერქვა. ამ კლიპის მერე დაიწყო ჩვენი აღმავლობა. ზოგადად, ჩვენი ანსამბლი ხალხურ სიმღერებსაც მღეროდა და ქალაქურსაც. ამის შემდეგ, გურამმა უთხრა ლაშას, იქნებ კვარტეტად ჩამოყალიბდეთ, ყველგან 13 კაცი ვერ ივლითო და ლაშას და გურამის შეთანხმებით ჩამოყალიბდა კვარტეტი. როდესაც გავძლიერდით და შევხმატკბილდით, სიმღერა ჩავწერეთ და ამის შემდეგ წავიდა და წავიდა ჩვენი აღმავლობა. კვარტეტს გვეძახდნენ, მაგრამ ხან 5, ხან 6 წევრი ვიყავით.

მახსოვს, ახალი წლის პერიოდში ტაციობა იყო ხოლმე თქვენზე…

ღამის 10 საათზე, რომ ვიწყებდით ხოლმე, დილის 7 საათზეც კი იყო ადგილი, სადაც უნდა მივსულიყავით. უნდა გენახათ, როგორ გველოდა ხალხი. როგორია უკვე 100 სიმღერა რომ გაქვს ნამღერი, მაგრამ მაინც შემართებით ვიყავით ხოლმე. სადაც ბოლოს მივდიოდით, იქ ყველაზე მაგრად ვქეიფობდით ხოლმე. შემდეგ დავრჩით ობლად, რადგან გარდაიცვალა ჩვენი ყველაფერი, გურამი, რომელიც ძალიან დიდი პიროვნება და სასწაული კაცი იყო. შემდეგ ლაშამ აიღო თავის თავზე ეს ყველაფერი, ის ჩაგვიდგა სათავეში, გაგვიძღვა და ძალიან მაგრადაც გაართვა თავი. გურამის სიყვარული დღემდე დაგვყვება, მაგრამ გურამის შემდეგ ლაშამ ქნა ყველაფერი.

როგორ შეიქმნა სიმღერა „შენ ხარ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

ეს სიმღერა დათო არჩვაძემ მოგვიძღვნა მე და ჩემს მეუღლეს ქორწილში. შემდეგ მე ჩავწერე და ვნახოთ, მსმენელს როგორ მოეწონება. სიმღერა დათო უგრეხელიძესთან ჩაიწერა.

ვისაუბროთ შენს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და მოთხოვნად სიმღერაზე „პატარა ფერია“.

ამ სიმღერას ჩემი მეგობარი ასრულებდა გიტარაზე და გონებაში ჩამიჯდა. სტუდიაში ყოფნისას გამახსენდა და ვიფიქრე, ნეტა როგორი გამოვა-მეთქი. ცოტა რიტმი მივეცით და უცებ გავაკეთეთ. შემდეგ „Youtube“ – ზე დადო ვიღაცამ და 2 დღეში ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა. სხვათა შორის, კარგად მამუშავა და მაგულავა ამ სიმღერამ. ათასობით უცხო ადამიანი მწერდა, ამ სიმღერით მაქვს ოჯახი შექმნილი და გთხოვ ჩემს მეუღლეს იუბილე აქვს და მიულოცეო, ზოგი მწერდა, ჩემი და ჩემი შეყვარებულის სიმღერააო…

როგორია ახალი სიმღერის ისტორია, რომელიც გურიას ეძღვნება.

ვიდეო გამომიგზავნა მეგობარმა „Facebook“-ზე, ნახე, რა მაგარიაო. ჩავრთე და ბიჭები მღეროდნენ ამ სიმღერას. ვიდეოს ძალიან ბევრი გაზიარება და კომენტარი ჰქონდა. კომენტარებში დავწერე, იქნებ ამ ბიჭებთან დამაკავშიროთ-მეთქი, მაგრამ კაი ხანი არავინ გამოჩნდა. რამდენიმე ადამიანმა კიდევ ჩამიგდო ეს სიმღერა. ერთი თვის წინ ეს ვიდეო ძალიან პატივსაცემმა გურულმა კაცმა ჩამიგდო, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. მთხოვა, გეხვეწები, შენებურად ჩაწერე ეს სიმღერა, ცოტა გაათანამედროვეო. ნამუშევარი მარიკა ქაცარავას სტუდიაში ჩაიწერა. როგორც შემდეგ მითხრეს, ეს სიმღერა გოგა გორდელაძეს ეკუთვნის. სახასიათო გურული სიმღერაა.

 

ბექა ჩხაიძე – გურია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ბექა ჩხაიძე – ჩემო ფერია. Live

 

ბექა ჩხაიძე. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი