28 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ დათო არჩვაძე და ნანა იამანიძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა მათ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „რადიო დუეტში“ დათო არჩვაძის და კვარტეტ „ ჰანგების“ ახალი სიმღერის „იასამანი“ პრემიერა შედგა.
დათო, ვისაუბროთ სიმღერაზე „იასამანი“, რომელსაც კვარტეტ „ჰანგებთან“ ერთად ასრულებ, როგორია ამ სიმღერის ისტორია?
დათო: ამ სიმღერის ისტორია ძალიან უცნაურ გარემოში დაიბადა. იყო ძალიან ლამაზი შეკრება, ქალბატონი ნანას ოჯახის წევრის ბედნიერების სუფრა იყო და მე და კვარტეტ „ჰანგების“ ბიჭები იმდენად ბედნიერები ვიყავით ერთად ყოფნით და იმდენად გაუხარდათ მათ ქალბატონი ნანას პირადად გაცნობა, რომ სანამ ეს ივენთი დაიწყებოდა, ქალბატონმა ნანამ იქვე, უცბად მოგვასმენინა ეს სიმღერა და იქვე დავიწყეთ რეპეტიცია. მგონი, ქალბატონმა ნანამ იმ წუთას შექმნა ეს სიმღერა. მივხვდით, რომ ისეთი სიმღერა იქნებოდა, რომელიც ყველა ადამიანის გულს გაივლიდა და ემოციას აღძრავდა. ისეთი სიმღერაა, რომ აგეკვიატება და სულ შენთან იქნება. ესეც სახალხო სიმღერა გახდება, ისევე როგორც ქალბატონი ნანას წინამდებარე სიმღერები. ეს სიმღერა აუცილებლად ჰიტი გახდება.
ნანა: როგორც ყველა სიმღერა, ეს სიმღერაც ჩემი უსაყვარლესი მეგობრის, უნიჭიერესი შემოქმედის, პოეტის, კომპოზიტორის, ნუკრი კარკაძის ტექსტზე შეიქმნა. ნუკრიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი სიმღერების შექმნაში, რადგან ყველა სიმღერის მელოდიას მას ვუგზავნიდი ხოლმე. მინდა, მადლობა გადავუხადო არანჟირების ავტორს, უნიჭიერეს ერეკლე დიდიას. ყოველთვის ერეკლე აკეთებს ჩემი სიმღერების არანჟირებებს, საოცარი მუსიკოსია. ჩაიწერა რევაზ ედგარიძის სტუდიაში.