რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მომღერალი თამრიკო მეჭიაური სტუმრობდა, რომელმაც თავის ახალ სიმღერებზე, შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ქალბატონო თამრიკო, როგორ იწყება თქვენი დილა?
რა თქმა უნდა, ყავით, ან მეზობელი შემოდის ჩემთან ან მე გავდივარ და ერთად ვსვამთ.
საკუთარ მუსიკალურ კარიერასთან ერთად გაქვთ მუსიკალური სტუდიაც და ძალიან ბევრი მოსწავლე გყავთ, როგორ ახერხებთ დროის გადანაწილებას?
რა თქმა უნდა, ვგეგმავ ამ ყველაფერს, აბსოლუტურად მთელი გრაფიკი გაწერილი მაქვს. როდესაც მონდომებული ხარ, არ ზარმაცობ და ხარ მოწოდების სიმაღლეზე, ყოველთვის დროშიც ეტევი და რეჟიმშიც.
კოვიდპანდემიის პერიოდმა როგორი გავლენა იქონია თქვენს შემოქმედებაზე?
რა თქმა უნდა, შემოქმედებითი კუთხით, როგორც ყველა, მეც სახლში ვიჯექი, მაგრამ სახლში ჯდომასაც თავისი პლუსები აქვს. არის ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა უარყოფითი დადებითად უნდა გამოიყენო. მე და ნანა ცინცაძემ პანდემიის პერიოდში ძალიან ლამაზი 7 სიმღერა შევქმენით, მათ შორის ერთ-ერთი სიმღერის, „მელანქოლია“ პრემიერა უკვე შედგა თქვენთან, „არ დაიდარდოს“ ეთერში. იყო პერიოდი, როცა საერთოდ ტრანსპორტიც არ იყო და მე ნუცუბიძის ქუჩიდან მიცკევიჩის ქუჩაზე ჩავდიოდი ნანა ცინცაძესთან მთელი ენთუზიაზმით, რადგან ვიცოდი, რომ ახალი სიმღერა იქმნებოდა.
როგორია თქვენი სამომავლო, საახალწლო გეგმები?
საახალწლო შემოთავაზებები და გეგმები არის, მაგრამ ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. ახლა ახლებურად მინდა გავაკეთო ერთი ნამუშევარი, საბავშვო სიმღერა ბატონ ნოდარ დუმბაძის ლექსზე, რომელიც უფროსი თაობის მომღერლებს რომ მოვასმენინე, ძალიან მოეწონათ. ეს ისეთი სიმღერაა, რომელიც ნამდვილად შეიძლება იმღეროს როგორც დიდმა, ისე ბავშვმა, რადგან ახალ წელს ასაკი არ აქვს, ყველასია, ყველას უხარია.
გადაცემის ჩანაწერი: