LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის შემოთავაზება, უფრო მეტი მუხლი მოვიცვათ, ეს არაძალადობრივი მუხლები უნდა იყოს: ანრი ოხანაშვილი “ამნისტიის შესახებ”

73
yy

“არის შემოთავაზება, მომხსენებლის მხრიდან მზაობა და კომიტეტიც დაეთანხმა, რომ უფრო მეტი მუხლი მოვიცვათ. თუმცა, შენარჩუნებულია პრინციპი, რომ ეს არაძალადობრივი მუხლები უნდა იყოს.” – “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე და მუხლების შესაძლო გაფართოებაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მეორე მოსმენის ფარგლებში, განიხილეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და თანმდევი პროექტები.

მისი თქმით, რიგ მუხლებთან დაკავშირებით შენარჩუნდება იგივე პრინციპი სტუდენტებისა და იმ ქალებისთვის, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ და საბოლოოდ, შეჯერებულ ვერსიას მიიღებენ:

“ნასამართლეობის არქონა, ზიანის ანაზღაურების საკითხები – ეს არის მთელი პრინციპი, რაც ამ პროექტს გასდევს, შესაბამისად, სახელმწიფო უკვე გამოთქვამს მზაობას, შესთავაზოს ამ პირებს საზოგადოებაში რესოციალიზაცია და ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებაში დაბრუნებას. თუმცა, მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების უსაფრთხოება. ამ ბალანსის საფუძველზე ჩვენ გვექნება უკვე რედაქციულად ის ვერსია, რომელსაც ყველა ნახავთ და ვიდრე ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას დავიწყებთ, ყველას გექნებათ საშუალება, რომ ის ვერსია, რომელიც განხილული უნდა იყოს, წინასწარ ნახოთ.” – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ოხანაშვილმა ასევე განმარტა მექანიზმები იმ პირისთვის, რომელიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის არის ნასამართლევი და შემდეგ კიდევ სასჯელს იხდის:

“აქ იქნება მექანიზმი. ასეთ პირებთან მიმართებით დაბალანსებული მიდგომა მოგვიწევს, რადგან გააჩნია, ადამიანს რა დანაშაული აქვს ჩადენილი წარსულში. ადამიანი, რომელიც გაუპატიურების, მკვლელობისთვის, ტერორიზმისთვის ან სხვა მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი და შემდეგ კიდევ დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა, აქ ჩამკეტი მექანიზმი იქნება.

ასეთ პირებთან მიმართებით, შესაძლოა, შეღავათზე ვიფიქროთ, თუმცა, ამ პირების გათავისუფლება და სასჯელისგან გათავისუფლება ძალიან საფრთხილო და დასაფიქრებელი იქნება.” – განაცხადა მან.

როგორც ოხანაშვილმა თქვა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის გარეშე მუხლებს ამნისტია შეეხებათ, თუმცა კონკრეტული პირობების გათვალისწინებით. შესაბამისად, აქაც გათვალისწინებული იქნება ნასამართლეობის კომპონენტი – იყო თუ არა პირი ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის.

 

პოპულარულები