LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ემოციური ინტელექტი დასწავლადი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

415
ეკა-ყიფიანი

არის თუ არა ემოციური ინტელექტი დასწავლადი – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა ეკა ყოფიანმა ისაუბრა.

რას ნიშნავს ემოციური ინტელექტი დღეს?

ემოციურ ინტელექტზე საუბარი დღეს ძალიან პოპულარულია…

ითვლება, რომ  პროფესიული და პირადი წარმატების მიღწევისთვის ემოციურ ინტელექტს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვეულებრივ სიტყვა „ინტელექტი“ კოგნიციასთან და აზროვნების პროცესთან ასოცირდება. ტერმინი „ემოციური ინტელექტი” კი გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვა ემოციის შემცველ ინფორმაციას იღებს, ამუშავებს და განსხვავებული სახით აღიქვამს.

ემოციური ინტელექტი არის პიროვნების ზოგადი ინტელექტის, IQ-ს ნაწილი. ემოცია გავლენას ახდენს აზროვნებაზე და აადვილებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

ემოციური ინტელექტი არ განიხილება, როგორც თანდაყოლილი ნიჭი და უნარი, არამედ როგორც დასწავლილი და შეძენილი კომპეტენციების ნაკრები, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გამოიმუშაოს და განავითაროს ინდივიდმა, რათა  პროფესიულ თუ აკადემიურ სფეროში წარმატებას მიაღწიოს.

რამდენ უნარად იყოფა ემოციური ინტელექტი?

ემოციური ინტელექტი ყველა ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელია და ოთხ უნარად იყოფა. ესენია: ინტელექტი, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება, ურთიერთობების მართვა.

თვითცნობიერება – უნარი, გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ხვდებოდე რომელ მათგანს განიცდი მოცემულ მომენტში. ხვდებოდე საკუთარ რეაქციებს კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებაში. თვითცნობიერების ზრდასთან ერთად იზრდება ადამიანთა კმაყოფილების შეგრძნება, ანუ უნარი მიაღწიონ საკუთარ მიზნებს!

საკუთარი თავის მართვა – უნარი გამოიყენო შენი ცნობიერება საკუთარი ემოციების სამართავად, იყო მოქნილი და პოზიტიურად მართო საკუთარი ქმედება. შეგეძლოს მომენტალური იმპულსების შეკავება და მათი გვერდით გადადება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

სოციალური ცნობიერება – უნარი გააცნობიერო სხვა ადამიანის ემოციები და ამოიცნო, რა განწყობაზე იმყოფებიან ისინი მოცემულ მომენტში. აღნიშნული უნარის მთავარი ელემენტებია მოსმენა და დაკვირვება. მონოლოგის ნაცვლად, მოსმენა და დაკვირვება, გვეხმარება დავინახოთ ჭეშმარიტი მდგომარეობა, რაშიც ჩვენი გარშემომყოფები არიან.

ურთიერთობების მართვა – უნარი, შეგეძლოს შენი სოციალური ცნობიერების გამოყენება ადამიანებთან ურთიერთობების წარმატებით წარმართვისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრისათვის. ურთიერთობების მართვა ასევე მნიშვნელოვანი უნარია კონფლიქტთა გადაწყვეტისა და საკუთარ პოზიციაში სხვების დარწმუნებისათვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციური ინტელექტი არის უნარი, შეგეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა. ის გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ჩვენს მიღწევებზე.

არის თუ არა ეს უნარი დასწავლადი?

დროსთან ერთად ვსწავლობთ ემოციების მართვას. მაგალითად: როცა ვინმე არაადეკვატურად გვექცევა ჩვენ თუ გვაქვს ფიქრისა და აზროვნების უნარი, ემოცია, რომელიც იმ წამს მოვიდა და მაქსიმუმ 7 წამს გასტანს შევძლებთ გადავამუშაოთ და გავცეთ ადეკვატური  პასუხი! თუ ამას ვერ შევძლებთ და ჩვენც ჩავერთვებით კონფლიქტში ემოციები  გარდაიქმნება გრძნობებში, როგორიცაა ზიზღი, სევდა, ნაღველი და ბოლოს ეს ყველაფერი ფსიქოსომატიკაზე აისახება!

ძალიან ხშირად ხდება რომ ადამიანები თავიანთ ემოციას და განწყობას ვერ ხსნიან. ის რომ ადამიანი ხან მოწყენილია, ხან დაფიქრებული ან ცუდი განწყობით ეს ბუნებრივია და ჯანსაღია, მთავარია ეს განწყობა არ აღმოჩნდეს გრძელვადიანი და გავაცნობიეროთ რასთანაა კავშირში!

ეს ზოგჯერ კავშირშია ემოციურ შიმშილთანაც და ძალიან ხშირად ადამიანი საკვებით ცდილობს ემოციების ამოვსებას. რასაც ემატება წონა.

ყველა უნარის ჩამოყალიბება  ბავშვობასთანაა კავშირში, რადგან ეს უნარები დასწავლადია. მაგალითად დედა და მამა ყოველთვის მასწავლიდნენ, როცა რაიმე თემაზე დაიწყებ საუბარს, მიმოიხედე ირგვლივ ვინმეს არ ეხებოდეს და არ შეურაცხყოფდესო. მაშინ ამ ქცევას არ აფასებდნენ როგორც ემოციურ ინტელექტს, ეს კულტურის ნაწილი იყო.

ემოციურად ინტელექტუალური ადამიანი არ ნიშნავს იმას, რომ არასოდეს ბრაზდება ან არ ნერვიულობს – ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეამჩნიოს თავისი ემოცია, მისცეს მას გამოვლენის საშუალება არ დაახშოს და შემდეგ გააკეთოს შეგნებული არჩევანი, როგორ იმოქმედოს. რეაქციის ნაცვლად – პასუხი. იმპულსის ნაცვლად – გააზრება.

დღევანდელ სწრაფ და სტრესულ სამყაროში ემოციური ინტელექტი უკვე არა ფუფუნება, არამედ აუცილებელი უნარია. ის გვეხმარება ავაშენოთ ჯანსაღი ურთიერთობები, მოვაგვაროთ კონფლიქტები, ვიყოთ მეტად ემპათიურები და, რაც მთავარია, შევინარჩუნოთ შინაგანი ბალანსი.

ემოციური ინტელექტი თანდაყოლილი ნიჭი არ არის. ეს არის უნარი, რომლის განვითარებაც ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია. პატარა ნაბიჯებით: საკუთარი ემოციების დაკვირვებით, მოსმენის კულტურის განვითარებით და საკუთარი თავის მიმართ მეტი კეთილგანწყობით. რადგან როცა საკუთარ თავს ვუგებთ – სამყაროც უფრო გასაგები ხდება. 

ემოციური ინტელექტი იწყება ერთი ძალიან მარტივი კითხვით – რა ხდება ახლა ჩემს შიგნით? როდესაც ამ კითხვას გულწრფელად ვუპასუხებთ, იწყება ცვლილება.

გახსოვდეთ: სიძლიერე არ არის იმაში, რომ ემოციები არ გვქონდეს. სიძლიერე არის იმაში, რომ არ მივცეთ ემოციებს ჩვენი ცხოვრების მართვის უფლება.

როცა ვუგებთ საკუთარ თავს, ვქმნით უფრო მშვიდ, გააზრებულ და ბედნიერ რეალობას – როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი გარშემომყოფებისთვის.

magti 5g