პერუს ჩრდილოეთით, ბარანკას პროვინციაში არქეოლოგებმა უძველესი ქალაქი — პენიკო აღმოაჩინეს.
როგორც BBC წერს, პენიკო დაახლოებით 3 500 წლის წინ დაარსდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ანდების მთებში და ამაზონის აუზში მცხოვრებ ადრეულ თემებს.
ქალაქის ნანგრევები, რომელიც მდებარეობს ლიმადან დაახლოებით 200 კმ-ის მოშორებით და ზღვის დონიდან 600 მეტრზე, ძვ.წ. 1,800–1,500 წლებით თარიღდება – იმავე პერიოდით, როცა აღმოსავლეთში (მაგალითად, შუა აღმოსავლეთში და აზიაში) ადრეული ცივილიზაციები ყვაოდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ აღმოჩენა ნათელს ხდის იმას, თუ რა ბედი ეწია კარალის უძველეს ცივილიზაციას.
დრონით გადაღებული კადრები გვიჩვენებს მრგვალ სტრუქტურას ქალაქის ცენტრში, რომელიც ტერასაზეა გაშენებული და გარშემორტყმულია ქვისა და ტალახის შენობების ნანგრევებით.
8-წლიანი არქეოლოგიური კვლევის შედეგად იპოვეს 18 სტრუქტურა, მათ შორის რიტუალური ტაძრები და საცხოვრებელი კომპლექსები.
შენობებში აღმოჩენილია უამრავი ნივთი, ადამიანის და ცხოველის ფორმის თიხის ფიგურები, ასევე მძივებითა და ზღვის ნიჟარებით დამზადებული ყელსაბამები.
დოქტორი რუთ შადი, რომელიც ხელმძღვანელობდა როგორც პენიკოს კვლევას, ისე 1990-იან წლებში კარალის გათხრებს, აცხადებს, რომ ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, რა დაემართა კარალის ცივილიზაციას კლიმატური ცვლილებების ფონზე.