საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმიანება.
დეგნანი სვამს კითხვას – თუ ეს არ იყო გაუქმება, როგორც ამას ხელისუფლებაში ხსნიან, რატომ გახდა საჭირო სახელმწიფო ინსპექტორის და მისი მოადგილეების გათავისუფლება:
“როცა გაქვს რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, როგორცაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რამის შესაცვლელად სიფრთხილეა საჭირო. თუ აპირებ, გააუქმო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და გაათავისუფლო სახელმწიფო ინსპექტორი, რომელსაც 6-წლიანი მანდატი აქვს, სულ მცირე, უნდა დარწმუნდე, რომ ამის საჭიროება კარგად არის ახსნილი და გაგებული საზოგადოების მიერ.
მოსაზრებაა, რომ ეს არ არის გაუქმება, თუ ეს არ იყო გაუქმება, რატომ გახდა საჭირო სახელმწიფო ინსპექტორის და მისი მოადგილეების გათავისუფლება?” – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, საელჩო იზიარებს შეშფოთებას იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე ნაჩქარევად წარიმართა:
“ჩვენ ვიზიარებთ ამ შეშფოთებას, ნაჩქარევ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე წარიმართა. როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე” – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი პარლამენტმა 30 დეკემბერს მიიღო.
აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, მის ნაცვლად კი ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.