LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის წინააღმდეგ კამპანია, რომელსაც კელი დეგნანი ჰქვია, არის პრინციპით: „მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგე“ – „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დღეს არა მეგობრების ძებნა, არამედ მეგობრების გადამტერებაა – მიხეილ მაჭავარიანი

94
მიხეილ მაჭავარიანი

„ქართული ოცნების“ სტრატეგიაა ლანძღოს ის ადამიანები, ვინც საქართველოს ეხმარებიან – საქართველოს პოლიტიკა დღეს მეგობრების ძებნა კი არა, არამედ მეგობრების გადამტერებაა, – ამის შესახებ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, მიხეილ მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი რეალურად, აშშ-ს ადმინისტრაციას უტევს.

„ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც დღეს კელი დეგნანი ჰქვია, ეს არის პრინციპით: „მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგეო“. კელი დეგნანს, როცა უტევენ, აშშ-ს ადმინისტრაციას უტევენ და მათ ასეთი წარმოსახვა აქვთ, მათ შორის, ივანიშვილს, რომ ამ პრესით თავისი ამომრჩეველი არ დაკარგოს. აი, ჩვენ ქართველობას გვართმევენ, აი ჩვენ ქართველობას ვიცავთ. რაღაც პერიოდში ძალიან აქტუალური იყო, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდათ. ეს გამორიცხულია, მაგრამ ქართველი ამომრჩევლის ნაწილმა ეს ხომ მიიღო?!,“ – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, კელი დეგნანის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა შეცდომა არავითარ შემთხვევაში არ არის.

„აშშ-ს ადმინისტრაცია ზუსტად ფლობს ინფორმაციას, ისევე როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ვინ ნიშნავს და ათავისუფლებს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს და ა.შ.,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, მას ევროკავშირის 12 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება განწირულად მიაჩნია.

„ძალიან პესიმისტურად ვუყურებ. „ქართული ოცნების“ რეალურ ლიდერს ამისი არანაირი სურვილი არ აქვს, იმიტომ რომ ევროკავშირი ნიშნავს წესებს, ევროკავშირი ნიშნავს მართავდე ოლიგარქიზაციას. დღეს წავიკითხე, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ერთ-ერთ ლიდერს დეოლიგაქრიზაციის კანონი ჩააბარეს. მგელს, რომ ცხვრის ფარას ჩააბარებ“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მან ასევე რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსულ გაზრდილ ნაკადებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი პროპაგანდიდან გამომდინარე მოდიან ქვეყანაში, რომელიც კრემლის მეგობარია.

„რუსეთიდან მოდიან მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში ვერ მუშაობენ და წამოსვლა უნდათ, თავიანთ პერსპექტივას ვერ ხედავენ. ისინი შეიძლება არ არიან ანტიპუტინისტები, მაგრამ ისინი „თავისითავისტები“ არიან და უნდათ, რომ ისეთ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც რაღაც ტიპის მუშაობაზე შეზღუდვა არ ექნებათ. დიდი ნაწილი ადამიანების, ვინც დღეს საქართველოში მოდის, იმ პროპაგანდიდან გამომდინარე მოდის, რომ საქართველო კრემლის მეგობარი ქვეყანაა და ისინი მოდიან აქ, როგორც ქვეყანაში, რომელიც კრემლის მეგობარია და როცა მათ კითხვას უსვამთ, არის თუ არა საქართველო ოკუპირებული, ისინი გიჟდებიან – რა ოკუპირებული?“, – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა ოპოზიციის ქმედებები შეაფასა და განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს პრაგმატულ გათვლას იმისა, თუ როგორ მიდის ოპოზიცია თუნდაც, 2024 წლის არჩევნებზე.

„მე 20 ივნისს ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე, რომელმაც ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ევროკავშირი გვინდა, მაგრამ მე გეგმას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს – მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და მას ფიზიკურად გადარჩენა სჭირდება.

„მე ვთვლი, რომ სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა და ამას ვერავინ წაშლის, ვერც „ქართული ოცნება“, რაც არ უნდა მოინდომონ. მე ვთვლი, რომ უკანონო პატიმარია და ასე იმიტომ კი არ ვთვლი, რომ მისი მხარდამჭერი ვიყავი და მეგობარი ვარ, იმიტომ ვთვლი, რომ მსოფლიოს არცერთმა ქვეყანამ ის სასამართლო განაჩენი არ აღიარა, რომლითაც ის დღეს ციხეში ზის. ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც რთულია. მას დღეს ფიზიკურად გადარჩენა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ მასთან დაკავშირებით რა უნდა, სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდით. უნდა, რომ ის გარდაიცვალოს და ამით მიხეილ სააკაშვილი დაამთავროს?…“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g