LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ სირიაზე ზრუნავს, უკრაინა კორუფციას ებრძვის, რუსეთი რეზერვისტების გაწვევას იწყებს

103
6912df91a310fc20ea914ac0

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. ალ-შარაა თეთრ სახლში გვერდითა შესასვლელიდან, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების შეუმჩნევლად შევიდა.
შეგახსენებთ, რომ სირიის ხელისუფლებაში მოსვლამდე აჰმედ ალ-შარაა დაჯგუფება ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამს ხელმძღვანელობდა, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული და ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მა შარაა გლობალურ ტერორისტებად აღიარებული პირების სიიდან ამოიღო.

სირიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ალ-ქაიდასთან“ მისი კავშირი წარსულის საკითხია და აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ეს არ განუხილავს.
„ჩვენ ვისაუბრეთ მომავალზე, სირიაში მომავალში საინვესტიციო შესაძლებლობებზე“, – აღნიშნა შარაამ.

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სირია წარმატებულ ქვეყნად ვაქციოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ახლო აღმოსავლეთში ახლა მშვიდობა გვაქვს. სირია ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია ახლო აღმოსავლეთის. თუ წლების წინანდელ სირიას გადახედავთ, მათ ჰყავდათ ექიმები, იურისტები, მათ ბევრი დიდი ინტელექტი ჰყავდათ“, – თქვა ტრამპმა.
მან ასევე სირიის პრეზიდენტს ძლიერი ლიდერი უწოდა და აღნიშნა, რომ აჰმედ ალ-შარაას შეუძლია, სირია წარმატებულ ქვეყნად აქციოს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ამერიკას ზიანი მიაყენა. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, ის თუ არ იქნებოდა პრეზიდენტი, მაშინ რუსეთ-უკრაინის ომი მესამე მსოფლიო ომამდე მივიდოდა.

„რვა ომი დავასრულე, მეცხრეს დავასრულებ. შეხედეთ იმ ზიანს, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ისინი ახლა ნატო-ს დახმარებით გვიხდიან. როდესაც პრეზიდენტი ხარ, ნამდვილად უნდა აკონტროლო მსოფლიო, რადგან ამაში ჩათრეული იქნები. სხვა შემთხვევაში, მსოფლიო ომში ჩაგითრევენ. მე რომ არ გავმხდარიყავი პრეზიდენტი, ეს ომი მესამე მსოფლიო ომად გადაიქცეოდა. როდესაც დავბრუნდი, გაოგნებული ვიყავი, რადგან ვითარება მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ 100 მილიონი დოლარის კორუფციული სქემა გამოავლინა ენერგეტიკულ სექტორში. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სქემის უკან „მაღალი დონის კრიმინალური ორგანიზაცია“ იდგა. კორუფციულ სქემაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი და უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის, „ენერგოატომის“ უსაფრთხოების უფროსი. ისინი აკონტროლებდნენ შესყიდვებს და აიძულებდნენ კონტრაქტორებს, გადაეხადათ უკანონო მოსაკრებლები.
15 თვის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებისას ათობით ჩხრეკა ჩატარდა და სხვადასხვა ვალუტაში დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.

შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ევროკომისიის ანგარიშს, სადაც უკრაინას მოუწოდეს გააგრძელოს რეფორმები, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლაში.

დონეცკის ოლქში, პოკროვსკის და მირნოგრადის რაიონებში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, უკრაინული ძალები ცდილობენ, პოზიციები შეინარჩუნონ, ხოლო რუსული საოკუპაციო ძალები ამ ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს როდინსკე, რომელიც პოკროვსკის ჩრდილოეთით მდებარეობს.

„რუსული ძალების წინსვლა პოკროვსკის ჩრდილოეთით და დასავლეთით ბოლო დღეებში შენელდა, სავარაუდოდ, უკრაინული ძალების მიერ მიმდინარე კონტრშეტევითი მოქმედებების გამო. როგორც ჩანს, რუსული ძალები ერთდროულად მუშაობენ მათი ალყაში მოქცევის დასასრულებლად“, – აცხადებენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 ნოემბრის ღამეს, რუსეთის არმიამ ოდესის რეგიონზე მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა. თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთის რეგიონებში რეზერვისტების მასობრივი გაწვევა დაიწყო. ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს დაიცავენ.
მაგალითად, ნავთობის ობიექტების დასაცავად რეზერვისტების შეკრება თათრეთში ოქტომბერში დაიწყო, ხოლო ნოემბრის დასაწყისში პირველმა დანაყოფმა უკვე დაიწყო წვრთნები.
რეზერვისტების მომზადება დაწყებულია ბიჟეგოროდის ოლქშიც.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის მიერ 4 ნოემბერს ხელმოწერილი კანონი საშუალებას იძლევა, რეზერვისტების შეკრება მშვიდობიან პერიოდშიც მოხდეს.

ორშაბათს საღამოს, ნიუ დელის ხალხმრავალ უბანში, შუქნიშანთან მანქანა აფეთქდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
9 დაღუპულის და 20-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იტყობინებიან.
ინციდენტი ნიუ დელის ძველ უბანში, მეტროსადგურთან და ისტორიულ ლალ კილას კომპლექსთან ახლოს, დაახლოებით საღამოს 6:40 საათზე მოხდა. ანტიტერორისტული რაზმი და სპეციალური პოლიციის დანაყოფები ტერორიზმსაც არ გამორიცხავენ.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ციხე დატოვა. სარკოზიმ პარიზის „ლა სანტეს“ ციხე დატოვა და ავტომობილით სახლში მეუღლესთან ერთად მივიდა.
სააპელაციო სასამართლოსთვის ვიდეომიმართვის დროს სარკოზიმ განაცხადა, რომ ციხეში გატარებული სამი კვირა მისთვის „დამქანცველი“ და „კოშმარი“ იყო.
პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სარკოზი „სასამართლოს ზედამხედველობის“ ქვეშ იქნება.
ყოფილ პრეზიდენტს საფრანგეთის დატოვება ეკრძალება.

ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინში მყოფმა კანდიდატმა ქვეყნებმა გაწევრიანებამდე გეოპოლიტიკური არჩევანი უნდა გააკეთონ და ფუნდამენტურ საკითხებზე ბლოკთან შეთანხმდნენ, განაცხადა ევროკავშირში გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა Euronews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, მისი ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა განაახლა ადრე შესუსტებული გაფართოების ძალისხმევა.
„ჩვენ პირველად ვიხილავთ ევროპას, რომელიც ერთიანი სახლივით იქნება გაერთიანებული, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს არჩევანს“, – განაცხადა კომისარმა კოსმა ბრიუსელში გამართულ გაფართოების სამიტზე.
„თუ რუსეთს მიმართავთ ან სანქციებს არ გამოიყენებთ, ჩვენ ამას არ შევეგუებით“.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი აცხადებს, რომ გაფართოების ერთგულია, ბლოკი მოითხოვს პირობების შესრულებას, ხოლო ახალმა წევრებმა ფუნდამენტური შეხედულებები უნდა გაიზიარონ, რათა თავიდან აიცილონ უნგრეთის გამოცდილების გამეორება.
მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, კომისია იკვლევს ახალი წევრებისთვის გარანტიების გაძლიერების შესაძლებლობას, რათა კანდიდატმა ქვეყნებმა დაპირებები შეასრულონ მას შემდეგ, რაც წევრები გახდებიან, – აღნიშნა ქალბატონმა კოსმა.

გეოპოლიტიკური არჩევანი: ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა მხარე უნდა აირჩიონ

კომისიამ თავის ანგარიშში მკაცრად შეაფასა საქართველოს კანდიდატურა და მას კანდიდატი ქვეყანა „მხოლოდ სახელით“ უწოდა.

ფოტო: chinadaily
irishtimes

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g