ჰაკერებმა ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ARD ავრცელებს.
გერმანული მედიაკომპანიის ცნობით, კიბერდამნაშავეებმა ბუნდესტაგის თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლის საკრედიტო ბარათები, წერილები, პასპორტები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, ასევე სხვადასხვა შიდაპარტიული დოკუმენტების ასლები ინტერნეტის საშუალებით გაასაჯაროვეს.
ჰაკერებმა „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური“ კავშირების, ასევე „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის და „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენლების პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს. კიბერდამნაშავეების თავდასხმას გადაურჩნენ პოლიტიკოსები პარტიიდან „ალტერნატივა გერმანისთვის“.
ARD-ის ცნობით, კიბერდამნაშავეებისთვის ჯერ კიდევ არ მიუგნიათ. ასევე უცნობია, პოლიტიკოსებზე კიდევთავდასხმის მოტივი. გამომძიებლები ცდილობენ დადგინონ, კონკრეტულად საიდან მოიპარეს ჰაკერებმა პოლიტიკოსების პირადი მონაცემები.
გერმანული მედიაკომპანიის ცნობით, პოლიტიკოსების პირადი მონაცემები დეკემბრის ბოლოს, მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით „წინასაახალწლო სიურპრიზის“ სახელით გავრცელდა. თუმცა სოციალური ქსელით გავრცელებული მასალა მხოლოდ 3 იანვარს, ღამის საათებში შეამჩნიეს.