ბრიტანული მწარმოებელი Aston Martin 2025 წლის ფინანსური შედეგების შეჯამების შემდეგ თანამშრომელთა დაახლოებით 20%-ის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters კომპანიის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ოპტიმიზაციის პროგრამა კომპანიას წელიწადში დაახლოებით 40 მილიონი ფუნტის (50 მილიონ დოლარზე მეტი) დაზოგვის საშუალებას მისცემს.
ამჟამად Aston Martin-ში დაახლოებით 3000 ადამიანი მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოს დაკარგვის რისკის ქვეშ დაახლოებით 600 თანამშრომელი აღმოჩნდება. ხარჯების შემცირების გეგმა ასევე მოიცავს ხელფასების 5%-ით შემცირებას და ელექტრომობილების განვითარებაში დაგეგმილი ინვესტიციების გადახედვას.
ფინანსური სირთულეების მიზეზად კომპანია ასახელებს როგორც ჩინეთის ბაზარზე ლუქს სეგმენტის შემცირებას, ისე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს. 2025 წლის შედეგებით კომპანიის ზარალი დაახლოებით 1,5-ჯერ გაიზარდა.
ექსპერტთა შეფასებით, გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური იყო გლობალური ლუქს ავტომობილების სექტორისთვის – განსაკუთრებით გამწვავებული გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და მაკროეკონომიკური პრობლემების გამო. მისივე თქმით, ტარიფების პოლიტიკაში ცვლილებებმა სხვადასხვა ქვეყანაში დამატებითი ზეწოლა მოახდინა ინდუსტრიაზე.
მიუხედავად მიმდინარე გამოწვევებისა, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ უახლოეს წლებში ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს.