ბავშვის აღზრდის საკითხი არაერთხელ განხილულა. აღზრდაზეა დამოკიდებული ბავშვის ქცევა ახლა და მომავალში. იმისთვის, რომ თქვენი შვილი ჰარმონიულად განვითარდეს და ჩამოყალიბდეს, არსებობს ე.წ ოქროს შუალედი, ოქროს წესები. „ფორტუნას“ ფსიქოლოგი ინდირა გვარმიანი ესაუბრა.
“როცა ბავშვი თავის მხრივ იბრძვის თვითდამკვიდრებისთვის, მას აქვს თავისი მოთხოვნილებები და ეს მოთხოვნილებები შესაძლოა დაუსრულებელი იყოს. ძირითადად მშობლები ორი ტიპის შეცდომას უშვებენ აღზრდის დროს. ეს არის ერთის მხრივ ე.წ. თავისუფალი აღზრდის წესი, როცა ბავშვთან მიმართებაში არ არსებობს აკრძალვები, არ არსებობს წესები, შენიშვნები და მეორეს მხრივ, აღზრდის ტიპი, რომელიც თავის მხრივ მიმართულია მხოლოდ დასჯაზე, კრიტიკაზე, აკრძალვებზე. სად გადის ოქროს შუალედი?
როცა ბავშვისთვის არ არსებობს წესები, არ არსებობს „არა“ ან „არ შეიძლება“, მას გაუჭირდება კარგი და ცუდი ქცევის გამიჯვნა ერთმანეთისაგან. როცა არ არსებობს შეზღუდვები, ჩარჩოები ბავშვი ვერ სწავლობს ბარიერების გადალახვას, ბარიერის გადალახვა კი თავის მხრივ პიროვნულ ზრდასა და განვითარებას იწვევს. ბავშვის უნარები არ ვითარდება, როცა მშობელი აგვარებს მის ყველა პრობლემას. მშობელი ხშირად თვითონ უწყობს ხელს მიუღებელი ქცევის განმტკიცებას, როცა ნებისმიერ „მინდას“ უკმაყოფილებს.
როდესაც უკვე სახეზეა ჩვენთვის მიუღებელი ქცევა, მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან იგნორირების სტრატეგია. თუ ბავშვი ისტერიულად ითხოვს რამეს, ისე რომ არ ინტერესდება შეიძლება თუ არა, მნიშვნელოვანია ამ დროს მშობელი საკუთარ ემოციებს გაუმკლავდეს და ყურადღება გადაიტანოს სხვა რამეზე. ასევე, აუცილებელია ოჯახის წევრი უფროსების ერთიანი სტრატეგია. დაუშვებელია ერთი უკრძალავდეს და მეორე პირიქით ახალისებდეს, ერთი შენიშვნას აძლევდეს და მეორე – ეფერებოდეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ დაბნეულობას გამოიწვევს ბავშვში და თავის სასარგებლოდ „გამოიყენებს“.
მიეცით ბავშვს საშუალება დაგინახოთ, თუ ბავშვი არ დაინტერესდება გაქვთ თუ არა საშუალება რაიმე ნივთის შესაძენად, რაც დრო გავა მით უფრო გართულდება მისი „მოთხოვნების“ შესრულება. ბავშვმა საკუთარი „მინდა“, უნდა ჩაანაცვლოს კითხვით „შეიძლება თუ არა?“
როდესაც ხდები მშობელი, უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრება, მთავარია ეს გაცნობიერებული იყოს მშობლის მხრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ბავშვს ვამზადებთ მომავალი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის, სადაც მას ხვდება გარემო, რომელიც მზამზარეულად არ დაუკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს, ხშირად ეტყვიან უარს, მას სჭირდება წინააღმდეგობების გადალახვისთვის საჭირო უნარები და ამ უნარების გამომუშავებაში პირველ რიგში მშობელი უნდა დაეხმაროს”.