დიეტა ყოველთვის ვერ დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების დამარცხებაში, მაშინაც კი, თუ აკონტროლებთ თქვენს რაციონს და არ აძლევთ თავს ჩავარდნის უფლებას. გირჩევთ გაარკვიოთ, რა გიშლით ხელს წონის დაკლებაში და გთავაზობთ მათთან ეფექტური ბრძოლის ხერხებს.
- საუზმე
თუ ფიქრობთ, რომ საუზმეზე უარის თქმა ხელს უწყობს კალორიების “ეკონომიას”, მაშინ ძალიან ცდებით. საქმე იმაშია, რომ სწორედ საუზმე ეხმარება ნივთიერებათა ცვლის პროცესს და თუ ძილის შემდეგ სასწრაფოდ არ დააკმაყოფილეთ თქვენი ორგანიზმი, დღის მანძილზე ის ენერგიის შენახვაზე იმუშავებს და აქედან გამომდინარე თქვენი ნებისმიერი მცდელობაც აზრს დაკარგავს.
- ცხიმები
უკვე სიტყვა “ცხიმი” ჟღერს შიშისმომგვრელად და ბევრი ჭარბწონიანი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტი ცხიმია საკვებში, მით უფრო მეტი რჩება მათ ორგანიზმში. სინამდვილეში ასე არაა, რადგან კვების ამ ძირითადი ელემენტის გარეშე შეუძლებელია მომნელებელი სისტემის სწორი მუშაობა, არადა სწორედ მის მოქმედებაზეა დამოკიდებული თქვენი კილოგრამების დაკლება. რაციონიდან ცხიმების ამოღებით შედეგი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იქნება, ამიტომ მიირთვით პროდუქტები მცენარეული ცხიმებით, რადგან ისინი ყველაზე სასარგებლოა.
- მცირე საკვები
არსებობს ტერმინი “კალორიულობის დერეფანი”, რაც იმას გულისხმობს, რომ დღეში სულ მცირე 1 500 კალორია მაინც უნდა მიიღოთ, თორემ ორგანიზმი “შეშინდება” და “მარაგისთვის” დაიწყებს ზრუნვას ანუ წონაში მომატება მხოლოდ სტაფილოს ჭამითაც შეიძლება, თუ თქვენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს ზედმეტად მკაცრი შეზღუდვებით აყოვნებთ.
- ყავა
ჯერ ერთი, ყავა აკავებს სითხეს, რომელსაც მიჰყვება ზედმეტი კილოგრამები. გამომდინარე აქედან, რაც უფრო მეტ ყავას სვამთ, მით უფრო ნელა იკლებთ წონაში. მეორეც – ყავა და კოფეინის შემცველი სასმელი – მხოლოდ ილუზიაა იმისა, თითქოს არაფერი გიჭამიათ. მაგალითად, ლატეს სტანდარტულ პორციაში სიროფთან ერთად, თითქმის, 250 კალორიაა, ამიტომ დღეში რამდენიმე ჭიქა ყავის მირთმევას, ჯობია ისევ ნორმალურად ისადილოთ.
- “მატყუარა-პროდუქტები”
საუბარია მრავალფეროვან “ფიტნეს-ბატონებზე” ან ფანტელზე, რომელსაც ბევრი დიეტურ საკვებს მიაკუთვნებს. ამგვარი პროდუქტის შეფუთვაზე ხშირად შეხვდებით წარწერას “უცხიმო”, რაც სინამდვილეში არაფერს ნიშნავს, რადგან მართალია, ის არ შეიცავს ცხიმებს, მაგრამ მდიდარია შაქრის სიროფით, მიწის თხილით და სხვა “მავნებლებით”. “მატყუარა-საკვები” ნახშირწყლების ნამდვილი დარტყმაა თქვენს ფიგურაზე და წახემსებისთვისაც არ გამოდგება, უმჯობესია, ისევ ბანანი მიირთვათ.
- ახალგამოწურული წვენები
ხილის ახალგამოწურული წვენის სარგებლობა ზედმეტად გაზვიადებულია. მართალია, მათი ვიტამინები არსად ქრება, მაგრამ ფრუქტოზაც (ნატურალური შაქარი) საკმაოდ ბევრი რჩება, რომელიც ზუსტად იმდენივე ხიფათს შეიცავს, რამდენსაც თვითონ შაქარი. გარდა ამისა, ახალგამოწურული წვენი, ხილისგან განსხვავებით პრაქტიკულად არ შეიცავს უჯრედისს, რომელიც სასიკეთოდ მოქმედებს მომნელებელ სისტემაზე. მოკლედ, ცოცხალი ფორთოხალი ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი.
- მარილიანი საკვები
დიეტის პერიოდში მაქსიმალურად შეზღუდეთ მარილიანი საკვების მიღება, რადგან მარილი ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც ყავა ანუ იწვევს ორგანიზმში სითხის შეყოვნებას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარილზე საერთოდ უნდა თქვათ უარი, უბრალოდ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მას და ძალიან მალე, საკვების ნამდვილ გემოსაც იგრძნობთ.
- ალკოჰოლი
შესაძლოა არ იცოდით, რომ ალკოჰოლი ძალიან კალორიული პროდუქტია და მაშინაც კი, როცა მხოლოდ სვამთ და არაფერს აყოლებთ, ზედმეტი კალორიები ორგანიზმში ალკოჰოლთან ერთად ხვდება. მაგალითად, მშრალი შამპანურის პატარა ბოკალში 76 კალორიაა, არყის ჭიქაში კი – მთელი 220! ასე რომ, წვეულებებს თუ ვერ მოერიდებით, ალკოჰოლს მაინც ნუ მიეძალებით!
- სტრესი
სამწუხაროდ სტრესის მართვა ძალიან რთულია, რჩევა “Don’t Worry, Be Happy” კი, როგორც წესი არ მოქმედებს. თუმცა, მაინც შეგახსენებთ, რომ ქრონიკული სტრესი ორგანიზმში ინსულინის გამომუშავებას უწყობს ხელს, შედეგად კი, უფრო მეტი საკვების მიღება გინდებათ.
- ძილი
არასაკმარისი ძილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ხელს გიშლით წონის დაკლებაში მაშინაც კი, თუ დიეტის ყველა პუნქტს იცავთ. მექანიზმი დაახლოებით ასე მუშაობს – ისევე როგორც საკვების ნაკლებობის დროს, გამოუძინებლობის შემთხვევაშიც ორგანიზმი მისთვის გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფება და გადადის ძალების ეკონომიაზე ანუ ბევრად უფრო ნაკლებ კალორიას ხარჯავს. ასე რომ, თუ გახდომა გინდათ, ბევრიც უნდა იძინოთ!


