როდის სჭირდება ბავშვს გლანდებისა და ადენოიდების ოპერაცია - ეკა უბერის რეკომენდაციები

გადაცემის ლაივი LIVE

რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნუშურა ჯირკვლების ანთებამ, რითი განსხვავდება მწვავე  და ქრონიკული ტონზილიტი და რა არის ტონზილექტომიის და ადენოიდექტომიის ანუ გლანდებისა და ადენოიდების ოპერაციის პირდაპირი ჩვენება – ამ და სხვა საინტერესეო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის პროფესორმა, პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრეა.

ეკა, დავიწყოთ მთავარი კითხვით, რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნუშურა ჯირკვლების ანთებამ?

ნუშურა ჯირკვლები განიხილება როგორც ერთ-ერთი იმუნური ორგანო, ანუ ეს არის ჯირკვალი, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს. მას ენიჭება ბარიერული და იმუნური ფუნქცია, ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ბავშვი ავად ხდება, ხშირ შემთხვევაში ინფექცია შემოიფარგლება ზედა სასუნთქი გზებით და  აღარ ვრცელდება ქვედა სასუნთქ გზებამდე. ეს არის განსაკუთრებით აქტუალური ბაღის, სკოლამდელი ასაკის ბავშვების შემთხვევაში. შესაბამისად ყველა ორგანოს თავისი დატვირთა აქვს. აქედან გამომდინარე, ადენოიდექტომიის და ტონზილექტომიის, უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ადენოიდებისა და გლანდების ოპერაციის ჩვენება – უკუჩვენებები ექიმებმა უნდა განვსაზღვროთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ ყოფილა. მე მინდა ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკა მოგიყვანოთ. 1965 წლისთვის წლის განმავლობაში დაახლოებით 970 000 ადენოიდექტომია და ტონზილექტომია ტარდებოდა მაშინ, როდესაც 2010 წელს ეს მონაცემი მკვეთრად შემცირდა და 290 000-მდე ჩამოვიდა. ასევე ძალიან სარწმუნოა ინგლისის მონაცემები, როდესაც  ტონზილექტომია 2006 წელს ჩაუტარდა 132 000 ბავშვს, მაშინ როდესაც 2010 წელს მისი სიხშირე 69 000-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდუალურია დიფერენციაცია, როდისაა ბავშვი ტონზილექტომიის ჩვენებით, ანუ როდის უნდა მივმართოთ ქირურგს და როდის არა. ტონზილექტომიისა და ადენექტომიის საკითხი უნდა გადაწყვიტოს პედიატრმა და არა ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა. რატომ პედიატრმა? იმიტომ, რომ უნდა შეფასდეს ორი ძირითადი კრიტერიუმი. ეს არის ხშირი ავადობა სტრეპტოკოკური ინფექციებით, მის არსებობა-არარსებობას კი ექიმი-პედიატრი ადგენს. მეორე გახლავთ ობსტრუქცია ანუ სასუნთქი გზების გამავლობის შეფერხება ქსოვილოვანი ზეწოლით. ამ შემთხვევაში ადენოიდების ჰიპერტროფილებული ქსოვილის ზეწოლით. ეს ორი ძირითადი კომპონენტი გადამწყვეტია ტონზილექტომიისა და ადენექტომიის ჩვენება-უკუჩვენებების გადასაწყვეტად. თუმცა აქ არის ქვეპუნქტები, როდესაც ხდება სხვა თანმდევი პრობლემების შეფასება. ზოგადად უნდა შეფასდეს ოპერაციის ზიანი და სარგებელი, რამდენად სასარგებლო იქნება ეს ოპერაცია ბავშვისთვის ან რამდენად რისკების შემცველი.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ყელის ტკივილი ყოველთვის არ ნიშნავს ბაქტერიულ ინფექციას. ტონზილიტის, ანუ ყელის ნუშურა ჯირკვლების ანთებითი პროცესის 60% მოდის ვირუსულ ინფექციებზე და საბედნიეროდ, მხოლოდ 40 % მოდის ბაქტერიულ სტრეპტოკოკურ ინფექციაზე.

თუ ბავშვის ავადობა განპირობებულია ვირუსული ინფექციებით,  ტონზილექტომიის ჩატარებას აზრი არ აქვს და ეს ბავშვის ავადობის სიხშირეს არ შეამცირებს.

ობსტრუქცია ანუ სასუნთქი გზების გამავლობის შეფერხება ასევე ორი ძირითადი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. პირველი ეს არის, ადენოიდების შეშუპება ინფექციების შედეგად და მეორე ეს არის ალერგიული კომპონენტით ანუ ატოპიით განპირობებული. ატოპიის შედეგად განვითარებული ნუშურა და ადენოიდური ჯირკვლების გაჯირჯვება ძალიან ხშირია და შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ადენექტომია ასევე არ მოიტანს შედეგს.  6-8 თვის განმავლობაში შეიძლება მხოლოდამხოლოდ ხანმოკლე შედეგი იყოს და ალერგიული კომპონენტების მუდმივი ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია ამ ქსოვილმა ხელახლა განიცადოს ტრანსფორმაცია. ამიტომ ძალიან ხშირად გაგიგიათ ალბათ მშობლის ჩივილი, რომ ამოვაჭერით და ხელახლა გაიზარდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ალერგიული კომპონენტით განვითარებულ ცხვირის გამავლობის შეფერხებასთან.

 

რა სიმპტომებით ვლინდება ინტოქსიკაციის პროცესი, რომელსაც ნუშირა ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება იწვევს?

ისევ და ისევ ტონზილექტომიის ჩვენება-უკუჩვენებთან მივდივართ. შესაძლებელია 7-ჯერ და მეტად არ ჰქონდეს ბავშვს წლის განმავლობაში ბაქტერიული ანუ ტოქსიური სტრეპტოკოკური ინფექცია, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ინდივიდუალური კომპონენტი. რამდენად მწვავედ გადაიტანს ბავშვი ამ ინფექციას, რამდენად ხანგრძლივია ეს ინფექცია. მიუხედავად დროულად დაწყებული ანტიბაქტერიული მკურნალობისა, რამდენად მაღალია ტოლერანტობა ბავშვსა და მედიკამენტებს შორის, რამდენად კარგად გადაიტანება ბავშვის მიერ ბაქტერიული მკურნალობა, საერთოდ როგორია მშობლის დამოკიდებულება ხშირი ყელის ინფექციების მიმართ მაშინ, როდესაც ყოველ ჯერზე პედიატრი უნიშნავს ხანგრძლივ, მინიმუმ 9-10 დღიან ანტიბიოტიკოთერაპიას. აღსანიშნავია, რომ ტონზილიტის  შემთხვევაში შესაძლებელია 3 დღიანი ანტიბიოტიკთერაპიის მერე, ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყოს, მაგრამ რევმატიული ცხელების განვითარების რისკები რჩება, იმ შემთხვევაში თუ 9-10 დღე მინიმუმ არ იქნა მიღებული ანტიბიოტიკოთერაპია უწყვეტად. დედისთვის და მშობლისთვის ორმაგად რთული გადასატანია, რომ ბავშვი თითქმის გამოჯანმრთელებულია, თუმცა მას უწევს ანტიბიოტიკის მიცემა.

შეიძლება თუ არა გლანდებისა და ადენოიდების ოპერცია  ჩატარდეს ხშირი ავადობის პრევენციის მიზნით ?  

მინდა შევეხო ერთ საკითხს, რომელიც არათემატურია, თუმცა, ნაწილობრივ პასუხობს ამ პრობლემას. ხშირად მოავადე ბავშვები როგორც წესი, სკოლამდელი ასაკის ბავშვები არიან. აღმოჩნდა, რომ 50 % ბავშვების, რომლებიც ხშირად ავადობენ, ხშირი ავადობა არის 8 ხანდახან 10-ჯერ და მეტად წლის განმავლობაში, ბანალური ვირუსული ინფექციებით, რომელიც არ რთულდება და არ საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას, აღმოჩნდნენ პრაქტიკულად ჯანმრთელები. მეტსაც გეტყვით, სკოლამდელი ასაკის ბავშვის ხშირი 6-8ჯერადი ავადობა წლის განმავლობაში სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იმუნური სტატუსის ჩამოსაყალიბებლად. ბავშვი, რომელიც ვთქვათ ბაღში დადის ან მჭიდრო კონტაქტი აქვს სხვა ბავშვებთან, ადვილად იჭერს ინფექციებს, ეს არის გარდამავალი ეტაპი, სკოლის პერიოდში ეს ხშირი ავადობა თავისით, თვითგანკურნებადი პროცესით გავა. ზედა სასუნთქი გზების ინფექციები თვითლიმიტირებადი ინფექციებია და როგორც წესი, ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპიის თუ ნებისმიერი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე, პრაქტიკულად უკვალოდ გადის. მეორე ჯგუფი ეს არიან ბავშვები, რომელთაც რომელიმე ქრონიკული დაავადებები აქვთ და ამის გამო ხშირად ავადობენ. მესამე, გამოყოფენ ჯგუფს, რომლებთაც აქვთ ატოპური დაავადება, სხვანაირად რომ ვთქვათ ეს არის ალერგიული დაავადებები, რომელთა დიფერენციაცია ხშირად უჭირს არამარტო მშობელს, არამედ ექიმსაც. ამიტომაც დავიწყე თავიდან სტატისკიტით , ამერიკის შეერთებულ შტატებში 2/3-ით  შემცირდა ტონზილექტომიის და ადენექტომიის რიცხვი, რადგან ხშირად მოავადე ბავშვებზე იყო სწორედ ჩატარებული ტონზილექტომია და მათმა უმრავლესობამ შედეგი ვერ მიიღო.

თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ ჩამოვთვალოთ ის სიმპტომები და ნიშნები, რომელიც საჭიროებს ოპერაციის ჩატარებას. რა შეიძლება მოხდეს თუ ოპერაცია არ ჩატარდა დროულად  ან არ ჩატარდა საერთოდ.

ისევ ჩვენება-უკუჩვენებას დავუბრუნდები. ორი ძირითადი კრიტერიუმი ოპერაციული ჩარევის, ეს არის ხშირი ავადობა სტრეპტოკოკური ინფექციით, მორეციდივე ტონზილოფარინგიტის  A ჯგუფის b  ჰემოლიზური სტრეფტოკოკური ინფექციით და მეორე,  ცხვირის ობსტრუქცია ანუ  ზედა სასუნთქი გზების გამავლობის შეფერხება. ეს კი უპირატესად ადენოიდების ჰიპერტროფიით, ქსოვილის გაჯირჯვებით არის განპირობებული. ასევე ერთ-ერთი ჩვენება შეიძლება იყოს ხშირი ოტიტები, რომელიც ასევე ადენოიდების ჰიპერტროპიით არის განპირობებული. შესაბამისად ხშირ შემთხვევაში მივმართავთ ხოლმე ტონზილექტომიას, ადენექტომიას, რადგან ერთ-ერთი გამოსავალია მორიციდივე ოტიტების მკურნალობაში. რაც შეეხება სინუსიტებს, კვლევებით დადგინდა, რომ წიაღების ხშირი, მორეციდივე ინფექციის  შემთხვევაში ადენექტომიამ, ტონზილექტომიამ ვერ გამოიღო სასურველი შედეგი. აქედან გამომდინარე ჩვენებებში სინუსების ანთება არ არის მოხსენიებული როგორც ოპერაციული ჩარევის აუცილებელი პირობა.

კიდევ მინდა განვმეორდე, თუ დასტურდება, რომ ეს არის სტრეპტოკოკური ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია, რომლის რისკები წარმოადგენს შემდგომში რევმატიული ცხელების და პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის განვითარებას, ამავდროულად, თუ ვერ ხერხდება სრულყოფილი ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარება, თუ დაავადების მიმდინარება  არის ხანგრძლივი, ასევე ხდება სკოლის დღეების მნიშვნელოვანი სიხშირით გაცდენა, თუ აკადემიური მოსწრება ქვეითდება ამ პრობლემის გამო, რა თქმა უნდა ეს არის ტონზილექტომიის ჩვენება და აუცილებელი პირობაა, რომ მშობელს ვურჩიოთ ოპერაციული ჩარევა. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია მშობლის და ექიმის თანხვედრა აზრებში და შეფასების გადაწყვეტილების ერთობლივი მიღება.

იმ შემთხვევაში თუ ბავშვი სასწრაფოდ საოპერაციოა, მაგრამ ალერგიულია და თავს იკავებენ ნარკოზის გამო, რომ არ განვითარდეს ცუდი ფონი რას გვირჩევთ ამ შემთხვევაში?

ამ შემთხვევაში შეგვიძლია ალერგიული კვლევების ჩატარება, იმ კომპონენტებზე, რომელიც საანეზთეზიო საშუალებებად შეიძლება იქნეს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, შესაძლო გართულებებისგან მაქსიმალურად დაცულია  ანესთეზიოლოგი, ოპერატორი და პირველ რიგში ბავშვი. ალერგიულობა ამ ეტაპზე ძალიან ნაკლებ როლს თამაშობს და შესაბამისად უკიდურესი გამონაკლისების გარდა, პრაქტიკულად პრობლემას არ წარმოადგენს.

რატომ არის რომ ზოგიერთი ბავშვისთვის გლანდები სერიოზული პრობლემა, ზოგოერთისთვის კი ის პრობლემას არ წამოადგენს?

სკოლამდელ ასაკში ბავშვების უმრავლესობა ავადობს ზედა სასუნთქი გზების ინფექციით. ხშირად მოავადე ბავშვი, როგორც უკვე ავღნიშნე, ხშირ შემთხვევაში ნორმის ვარიანტს წარმოადგენს და რაიმე სერიოზულ მიზეზთან საქმე არ გვაქვს. ავადობის სიხშირეს განაპირობებს როგორც იმუნური სისტემის გენეტიკური თავისებურებები, ასევე  გარემო და შესაძლო თანმდევი ჯანმრთელობის პრობლემები.

რატომ გვხვდება ეს პრობლემა მეტად ბავშთა ასაკში და რა ასაკიდან არის რეკომენდებული ოპერაციის ჩატარება?

ტონზილექტომიის და ადენოიდექტომიის ადეკვატური ჩვენების შეფასება სამ წლამდე პრაქტიკულად ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე, 3-4 წლის ასაკამდე, სასურველია, რომ მოხდეს ადეკვატური შეფასება, სწორი გაანალიზება, თუ რასთნ გვაქვს საქმე და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ადენოიდექტომიის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ თუ ბავშვს აღენიშნება ღამის აპნოე, სხვანაირად რომ ვთქვათ სუნთქვის გაჩერება, ადენოიდექტომია რა თქმა უნდა აუცილებელი და ერთადერთი პირველი რიგის სამკურნალო ღონისძიებაა. აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ ადენოქტომია არ ჩატარდა, შესაძლებელია ეს გართულდეს გულსისხლძარღვთა დაავადებებით და  მოხდეს კოგნიტური განვითარების შეფერხება. 3-4 წლამდე ადენოიდექტომიის და ტონზილექტომიის ჩატარებას, ცხადია  თუ გადაუდებელი სიტუაციები არ მოითხოვს, სასურველია მოცდითი ტაქტიკა.

 და ბოლოს, ჰაიმორიტისა და ფრონტიტი, რა კლინიკური თუ ნიშნებით ვლინდება ის?

სინუსიტის დიაგნოსტიკისას ასაკობრივი თავისებურებებია გასათვალისწინებელი. სხვადასხვა სინუსი სხვადასხვა ასაკში ყალიბდება და იწყებს ფუნქციონირებას, შესაბამისად 1 წლის ასაკში შუბლის წიაღების ანთება პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა ამ ასაკში შესაძლოა ჰაიმორიტი განვითარდეს. მშობელს შესაძლოა ეს დიაგნოზი გამოეპაროს, რადგან ცხვირის გაჭედილობას შეიძლება თან არ ახლდეს ცხვირიდან გამონადენი, ამიტომ ექიმი აფასებს და სვამს სინუსიტის დიაგნოზს.

და ბოლოს, ტონზილექტომიის და ადენოიდექტომიის მკაცრ დროებით ან მუდმივ უკუჩვენებებს წარმოადგენს პირის ღრუს ზოგიერთი ანატომიური თავისებურებები, ანემია და მწვავე ინფექციის გადატანა ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი