ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის გერმანულ სამხედრო ბაზა “მარმალზე” ქართველმა სამხედროებმა “წმინდა გობრონის” სახელობის ეკლესია ააშენეს. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. მშენებლობა ორი თვე, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლამდე გრძელდებოდა. ქვედანაყოფს საკუთარი სამხედრო მოძღვარი არ ჰყავს. ტაძარს საეკლესიო დღესასწაულებზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის კაპელანი სტუმრობს და ის აღავლენს წირვა-ლოცვას.
“სალოცავის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ასეულის პირადმა შემადგენლობამ და ავღანეთში მყოფმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო კაპელანმა მამა გობრონმა ერთსულოვნად მიიღო. მოსაწყობად საჭირო დამხმარე მასალები ბაზაზე მყოფმა სხვა ეროვნების სამხედრო მოსამსახურეემაც მიაწოდეს. მშენებლობა და მოპირკეთება კი მთლიანად ქართველმა სამხედროებმა ითავეს” – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.