საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, საყოველთაო შეფასებებით, COVID 19-ის პანდემიამ ჯერ არნახული ზიანი მიაყენა საავიაციო დარგს. არსებული დანაკარგები ბევრად აღემატება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომ განვითარებულ კრიზისს ავიაციის სფეროში.
კარანაძის ინფორმაციით, საქართველოს შემთხვევაში, ეს არის საშუალოდ 60%-ით შემცირებული აფრენა–დაფრენის მაჩვენებელი და 82%-ით შემცირებული მგზავრთნაკადი 10 თვის მონაცემებით.
„და მაინც, ავიაციას შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ რთულ გამოწვევას.მოკლე დროში, ავიაცია გახდა ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალება, ეპიდემიის გავრცელების პირობებშიც. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ მგზავრთა და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა ჯანმრთელობის დასაცავად. მინდა მადლობა გადავუხადო ავიასაწარმოებს აღნიშნული სტანდარტების დანერგვისთვის, ასევე მათ პერსონალს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მგზავრთა, სარეპატრიაციო და ჰუმანიტარული რეისების მომსახურებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სატვირთო ავიაკომპანიებს მათი წვლილისთვის, სამედიცინო ტვირთის დროული ტრანსპორტირების კუთხით”, -განმარტავს კარანაძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ COVID-19-ის უარყოფითი გავლენის მიუხედავად, ავიაგადამზიდველების მხრიდან კვლავაც არსებობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით ფრენების განახლების და ახალ საჰაერო ხაზებზე ოპერირების დაწყების სურვილი.
„აქტიურად გრძელდება ტექნიკური კონსულტაციები და სამუშაოები რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით. ამასთან, ავიაცია აქტიურად ემზადება ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევასაც წარმატებით გავართმევთ თავს!”, – აცხადებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე.