ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი ამბობს, რომ საქართველოსა და ავსტრიას უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა განვითარების პერსპექტივა კიდევ არსებობს.
„პირველ რიგში, ეს არის მთები. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურიზმის მდგრადი განვითარება. მთელი ევროკავშირი ამ მიმართულებით მიდის და საქართველოც ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა იქნება ავსტრიის ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის. კოვიდის პანდემიის მძიმე დროს, ჩვენ ვაგრძელებდით ურთიერთობას, ავსტრია ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს გადასცა ვაქცინები უსასყიდლოდ. პანდემიის შემდეგ, საქართველომ ძალიან სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღმასვლა და 2021 წლის პირველ ნახევარში 12%-იანი ზრდა აჩვენა. ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს საქართველოში ავსტრიული ფირმებისთვის, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის დარგებში“, – ამბობს ავსტრიის პრეზიდენტი.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოებრივ დონეზე საქართველოსა და ავსტრიას საუნივერსიტეტო თანამშრომლობა და რეგიონული თანამშრომლობაც აკავშირებთ. „ამ სფეროებშიც ჩვენ გვექნება წინსვლა და განვითარება. ასეთი თანამშრომლობები ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით, კულტურულ და საუნივერსიტეტო სფეროში. როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა,“- აღნიშნა ალექსანდერ ვან დერ ბელენი.