LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთო კალანდაძე: იაპონური ავტომობილის მძღოლები, მთელ დედაქალაქს ფეხზე დავაყენებთ

98

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აქტიურად ქვეყნდება პრესაში ინფორმაცია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვაზე. განსაკუთრებული გაღიზიანება იაპონური ავტომობილების მფლობელებს შორის, ბოლო დღეებში გავრცელებულმა აზრმა „დაწესდეს დამატებითი გადასახადი, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელთათვის“-მა გამოიწვია.

ალბათ ბევრისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებობს იაპონური ავტომობილების მოყვარულთათვის შექმნილი კლუბი „JDM Club Georgia” რომელიც, რამდენიმე წელია, რაც აქტიურად მოღვაწეობს. შესაბამისად, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების თემაზე ამ კლუბის პრეზიდენტზე უკეთესი და კომპეტენტური რესპოდენტი ძნელი მოსაძიებელია. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ჩვენი ავტობლოგის სტუმარი „JDM Club Georgia” დამაარსებელი და პრეზიდენტი ავთო კალანდაძეა

 

 

ავთო, პირველ რიგში მაინტერესებს შენი აზრით, რატომ იზრდება იაპონური ავტომობილების იმპორტი საქართველოში?

იმიტომ, რომ პრაქტიკულად ახალი ავტომობილები ჩამოდის, დაბალი გარბენით, ძალიან მოვლილი და საკმაოდ დაბალ ფასში. საჭის კომპლექსს ივიწყებს ხალხი და არჩევანს მარჯვენსაჭიან ავტომობილზე აკეთებს, რომელიც საკმაოდ იაფი, გამძლე და ფაქტიურად ახალია. თანაც ის, რომ რაღაც ნაწილი გაფუჭდეს და ვერ იშოვო უკვე აღარაა მოდაში, მეტნაკლებად უკვე ყველაფერი იშოვება.

როგორც ვიცი საკმაოდ გამოცდილი მძღოლი ხარ, ამიტომ მაინტერესებს შენი აზრი, იმ განსხვავებასთან დაკავშირებით, რასაც მარცხენა და მარჯვენა საჭე  ქვია.

ქალაქში სამოძრაოდ მარჯვენასაჭიანი ჯობია. ავტობანზე თუ დაბალძრავიანი ავტომობილი გყავს, მაშინ გრძნობ დისკომფორტს, გასწრებაზე გასვლა ჭირს. აბსურდია ის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ქმნიან ქალაქში საცობს.

რადგან ამ თემას შევეხეთ, იქნებ შენი თვალით დანახული საგზაო მოძრაობის პრობლემები გაგვიზიარო, რა ქმნის რეალურად თბილისში საცობს?

საცობს ქმნის ქართული საგზაო კულტურა. არასწორად მოძრაობს ტაქსი, სამარშუტო ტაქსი, ქვეითი არ სარგებლობს ქვეითთა გადასასვლელით და რაც მთავარია გზის საფარი, რომელიც არ გვივარგა ქვეყანაში.

როგორ შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია? გასაგებია, რომ ავტოიმპორტი გაიზარდა და ქალაქში ავტომობილები მომრავლდა, მაგრამ უშველის კი, იმპორტის შეზღუდვა, ტექ. პასპორტის შემოღება ან მსგავსი კანონები რამეს? როგორ ხედავ ამ პრობლემის მოგვარების გზას?

ძალიან ზოგადია ეს ტექ. პასპორტის თემა. 50% ალბათ ვერც კი გაივლის რუსული და ძველი გერმანული ავტომობილით. ეს კი, ზუსტად ის კატეგორიაა ვინც ასეთი ავტომობილებით არჩენს ოჯახს და მოსახლეობის უმეტესობა, შემოსავლის გარეშე დარჩება. თუმცა, ქალაქი განიტვირთება.

ჩემი აზრით, რაღაც შეზღუდვები უნდა დაწესდეს ასაკოვან და ავარიულ ავტომობილებზე.

თუმცა, ცალსახად მარჯვენასაჭიანებზე დაბრალება არ უნდა მოხდეს ხო?

საერთოდ არაა კავშირში მარჯვენა საჭე შექმნილ პრობლემებთან.

 

 

ამ ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირად ისმის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების კრიტიკა, მაინტერესებს, როგორც მათი „დამცველი“, აპირებს თუ არა თქვენი კლუბი რაიმე სერიოზულ ნაბიჯს?

კვირას, ანუ 11 ოქტომბერს კლუბის შეკრებაა დაგეგმილი, შესაბამისად ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციას გავივლით. აუცილებლად მოვაწყობთ მსვლელობებს. მთელ დედაქალაქს ფეხზე დავაყენებთ, ხომ გაგიგიათ ქუდზე კაციო? (იღიმის)

ხომ არ თვლი, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების კრიტიკას, ვინმე პირადი ინტერესებისთვის იყენებს? გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, მსხვილ იმპორტიორებს, 40%-ით შეუმცირდათ მოგება, რამე ეჭვს ხომ არ იწვევს ეს ფაქტი შენში?

მე მგონია, რომ მთავრობა დაიწყებს  საჭის გადატანის პროცედურების კონტროლს, გამოაცხადებს ტენდერს და ამით გაეზრდებათ შემოსავალი. ისევე როგორც ეს მოხდა  ნომრების განახლების შემთხვევაში. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების 30%  გადატანილი საჭით მოძრაობს, წარმოიდგინეთ რამხელა თანხებზეა საუბარი.

გადატანილი საჭე საშიში არ არის?

რათქმაუნდა საშიშია, რაც არ უნდა ქარხნულად გადადიოდეს საჭე, ძალიან საშიშია. ასეთი პროცედურების შემდეგ ქალაქში სიარულს, ნამდვილად არავის ვურჩევდი.

და კიდევ ერთს დავამატებ: იმპორტი შეწყდება თუ არა, ძალიან ბევრი ოჯახი, შემოსავლის გარეშე დარჩება. ვისაც ავტომობილები ჩამოყავს ისედაც არ აკლია კრედიტები. და მეორეც, JDM კულტურა მოვკდება…

 

 

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ კვირას 11 ოქტომბერს „JDM Club Georgia” ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს შეკრებას. ვისაც გყავთ იაპონური ავტომობილი და გსურთ კლუბში გაწევრიანება, აუცილებლად ეწვიეთ შეკრებას. როგორც კლუბის პრეზიდენტი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, იაპონური ავტომობილების დასაცავად, „JDM Club Georgia” სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები