LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსების ახალი სალარო აპარატები ნაღდ ფულს აღარ მიიღებს

181

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, მუნიციპალურ ავტობუსებში ახალი სალარო აპარატების განთავსება დაიწყო.

გადახდის ახალი სისტემა უკვე დამონტაჟდა ახალი ავტობუსების ნაწილში.

ახალი სალარო აპარატის საშუალებით მგზავრობის საფასურის გადახდა მეტრომანით, შეღავათიანი სატარიფო ბარათებითა და საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის საშუალებითაა შესაძლებელი.

სულ მალე კი მგზავრები სხვა ნებისმიერი ბანკის ბარათების გამოყენებასაც შეძლებენ.

გადახდის ეს სისტემა ნაღდ ანგარიშსწორებას არ ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში თუ კი მგზავრს გადახდა სურს ნაღდი ფულით, მას შეუძლია ისარგებლოს ძველი სალარო აპარატით. მგზავრთა მეტი კომფორტისთვის ავტობუსებში ახალთან ერთად ძველი სალარო აპარატიცაა განთავსებული.

მგზავრობის საფასურის გადახდისას, მგზავრი ბილეთს აღარ უნდა დაელოდოს. განსხვავებით ძველი სალარო აპარატისა, ახალი აპარატი ბილეთს არ ბეჭდავს. სამგზავრო ან საბანკო ბარათის აპარატზე შეხებისას, ეკრანზე დაელოდეთ ინფორმაციას. თუ კი ტრანზაქცია წარმატებით შესრულდა, აპარატი ეკრანის მწვანე ფონზე ავტომატურად მოგაწვდით ინფორმაციას გადახდის წარმატებით დასრულების შესახებ.

იმ შემთხვევაში თუ გადახდა არ შესრულდა, აპარატის ეკრანის წითელ ფონზე გამოდის ინფორმაცია გადაუხდელობის შესახებ. შესაძლებელია ეს იყოს ნაშთის არ არსებობა, ბარათის შეზღუდვა ან პროგრამული ხარვეზი. პროგრამულ ხარვეზებზე მუშაობს კომპანია „ემ-ეს პლიუსის“ სპეციალური ტექნიკოსთა ჯგუფი, მუშაობა დისტანციურად ხდება.

კონტროლიორები და კონდუქტორები სამგზავრო ან საბანკო ბარათის შემოწმებას მობილურ ტელეფონებში ჩატვირთული სპეციალური აპლიკაციით შეძლებენ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეამოწმონ ინფორმაცია მგზავრობის საფასურის გადახდის წინა ტრანზაქციების შესახებ, დარჩენილი ნაშთი, მარშრუტისა და ავტობუსის სახელმწიფო ნომერი.