LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს პირადი საგადასახო მრჩეველი ეყოლებათ

93

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სამთავრობო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს, მომავალი 6 თვის განმავლობაში, პირადი საგადასახო მრჩევლის Privé-ს სერვისით უსასყიდლოდ სარგებლობას სთავაზობს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, დღეს ფინანსთა სამინისტროს დიდ საკონფერენციო დარბაზში, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი თაბუაშვილი და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი უწყების პოზიციონირებას უკვე წლებია ახდენს, არა მხოლოდ როგორც კანონმორჩილების დონის ზრდის უზრუნველმყოფი და სამართალდარღვევათა გამომვლენი ორგანო, არამედ როგორც ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და შესაბამისად, სამართალდარღვევათა პრევენციაზე, განსაკუთრებული ძალისხმევით მომუშავე ინსტიტუცია“, – განაცხადა დამწყებ მეწარმეებთან შეხვედრაზე გიორგი თაბუაშვილმა.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახური უწყვვეტ რეჟიმში ქმნის და აახლებს ყველასთვის ხელმისაწვდომ, გამარტივებულ და ეფექტურ სერვისებს. ყოველდღიურად უმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

„გადამხდელებს ვთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხით. მათ შორის, მოქნილი და სწრაფი ელექტრონული სერვისების, სერვისცენტრების, მოძრავი სერვისცენტრების ე.წ. RS CAR–ის, უბნის ოფიცრების, სატელეფონო ცენტრის საშუალებით. ყველა ეს სერვისი უფასოა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი გადამხდელისთვის. დღეიდან კი შემოსავლების სამსახურის სპეციალური სერვისით PRIVE, უფასოდ ისარგებლებენ დამწყები მეწარმეები. ეს კი ჩვენი კიდევ ერთი ძალისხმევაა, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ საქართველოში წარმოების შემდგომ განვითარებასა და წინსვლას“, – განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, პირადი საგადასახადო მრჩევლის Privé-ს სერვისი პერსონალური საკონსულტაციო მომსახურებაა საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე. შესაბამისად, საგადასახადო მრჩეველი ახალ საწარმოებს ბიზნესსაქმიანობის სწორად და ეფექტიანად წარმართვაში დაეხმარება. კერძოდ, საგადასახადო მრჩეველი მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებასა და მათთვის კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობაში გაუწევს პერსონალურ კონსულტაციას.

magti 5g