LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „ნოვას“კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა

91

„ჩვენ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  შევქმენით სწორედ ასეთი საწარმოებისთვის და შესაბამისად, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ და სხვა წარმატებული კომპანიების მხარდაჭერას“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აჭარაში, კომპანია „ნოვას“ ახალ საწარმოში ვიზიტის დროს განაცხადა.

გიორგი გახარია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად „ნოვას“  სხვადასხვა სამშენებლო პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიას გაეცნო და რამდენიმე ახალი საწარმო ხაზი დაათვალიერა.

7500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებული ახალი საწარმოს აშენება-აღჭურვისთვის „ნოვამ“ 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 2 მილიონი დოლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებაა.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,  რომ ასეთმა კომპანიებმა  შექმნან ხარისხიანი, ქართული პროდუქტი და   გარდა ადგილობრივი მოთხოვნებისა, მათ ჰქონდეთ საექსპორტო პოტენციალი, რისთვისაც შევთავაზებთ ექსპორტის მხარდაჭერის დამატებით ინსტრუმენტებს. რაც მთავარია, ამ  კომპანიებმა უნდა შექმნან სამუშაო ადგილები.  „ნოვა“ არის მნიშვნელოვანი დამსაქმებელი აჭარის რეგიონში  და ჩვენ ყველანაირად, გვერდით დავუდგებით როგორც ამ კონკრეტულ, ისე მსგავს კომპანიებს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ  ახალი საწარმოს დათვალიერების შემდეგ.

2016 წელს  კომპანიის მიერ განხორციელებული ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 2,399,962 ლარი შეადგინა. კომპანიის ინფორმაციით,  2017 წელს (I –IV თვე)  განხორციელებული ექსპორტის ჯამური ღირებულება 1,250,573 ლარია და მიმდინარე წელს   ექსპორტის მინიმუმ 20-30%-იანი ზრდა არის დაგეგმილი.

 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში იყოს კონკურენტუნარიანი საქონელი. „ნოვაში“ მზადდება უამრავი დასახელების სამშენებლო მასალა,  მოგეხსენებათ, ბათუმში და ზოგადად, რეგიონში ბევრი სამშენებლო ობიექტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჩვენი, ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები იყოს ბაზარზე“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. 

„ნოვაში“ წარმოებული პროდუქციის მოცულობამ 2016 წელს საშუალოდ 15,500 ტონა  შეადგინა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, 2017 წელს მომავალი წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება.

„საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სტუმრობა ჩენთვის არის ძალიან დიდი დაფასება, ასევე დიდი პასუხისმგებლობაც და  სტიმული, რომ მომავალში უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ, ასევე გავძლიერდეთ არამარტო ადგილობრივ, არამედ საექსპორტო ბაზრებზე“ – განაცხადა „ ნოვას“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად აბულაძემ.

შპს „ნოვამ“ პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამშენებლო მასალების წარმოება  2015 წელს დაიწყო. კომპანია რამდენიმე სახეობის სამშენებლო მასალას აწარმოებს და ამ ეტაპისთვის 200–ზე მეტი ადამიანი  ჰყავს დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g