„მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს“,- ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის საქმეს განიხილავენ.
მისი განმარტებით ის და მისი მეგობარი, მსახიობი ანა ტყებუჩავა 9 იანვარს აქციაზე იმ დროს მივიდნენ, როცა რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილი იყო.
„60 დღე გახდება მალე, აქედან, ალბათ, ჯამში 12-15 დღე არ ვყოფილვარ იქ. ძირითადად, იქ გვიან მივდივარ ხოლმე, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ ვსარგებლობ, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ისინი მალე ტოვებენ იქაურობას და ჩანაცვლების ინსტინქტი გამომიმუშავდა. იმ დღეს, მე და ანა [ტყებუჩავა] მანამდე კაფეში შევხვდით ერთმანეთს, ყავა დავლიეთ სხვა მეგობრებთან ერთად, ვისაუბრეთ და იქიდან გამოსულები უკვე გადაკეტილ რუსთაველს შევუერთდით.
ჩემი გააზრებული პოზიციით ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ყველა დაპატიმრებული ადამიანისთვის, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ნაწამები არიან, ზოგ შემთხვევაში – ნაცემები. რადგან ჩემი ქმედება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ეს გააზრებული მაქვს და ყველა ჩემს ქმედებას საჯარო სივრცეში პასუხისმგებლობით ვეკიდები. არასდროს მახსოვს, ჩემთან მოსულიყოს პოლიციელი და მითითება მოეცეს. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ მას არ დავმორჩილებოდი. მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს“,- განაცხადა ქაჯაიამ.