LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღებში ფულის შეკრება კანონდარღვევაა – კახა გვანცელაძე

bagi

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ საახალწლოდ ბაღების თითოეული აღსაზრდელი სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს. გვანცელაძის თქმით, საახალწლო ზეიმისთვის, თოვლის ბაბუის გამოძახების სერვისზე თითოეული ბაღისთვის 1000 ლარია გამოყოფილი. წლიური ბიუჯეტის 3% კი ბაღს აქვს თავისუფალი განკარგვისთვის. აქედან გამომდინარე, გვანცელაძის თქმით, მშობლების მიერ თანხის შეკრების აუცილებლობა არ არსებობს და მსგავსი ქმედება კანონდარღვევაა. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

როგორც კახა გვანცელაძე ამბობს, თანხის ან ძვირფასი საჩუქრების მიღება მასწავლებლების მხრიდან უკანონო შემოსავლის მიღებას ნიშნავს, რაც შესაბამის სამართლებრივ სანქციებს ითვალისწინებს.

„ეს არის ცალსახად უკანონო შემოსავალი. მსგავსი საჩივრებით სააგენტოში არაერთხელ დაურეკავთ მშობლებს, მაგრამ, როდესაც საქმის შესწავლა დავიწყეთ, მათ აღარ ითანამშრომლეს ჩვენთან. ასე კი შედეგს ვერ მივაღწევთ და მსგავს მანკიერ პრაქტიკას ვერ აღმოვფხვრით. გარწმუნებთ, რომ თითოეულ ბაღს აქვს საკმარისი ბიუჯეტი ნებისმიერი სახის ხარჯისთვის, რომელსაც ბაღი საკუთარი სურვილით განკარგავს. ეს არის წლიური ბიუჯეტის 3%, რაც არ არის მცირე თანხა, რადგან ზოგიერთი ბაღის დაფინანსება მილიონს შეადგენს. მოვუწოდებ მშობლებს, ითანამშრომლონ სააგენტოსთან, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა საბოლოოდ ამოვძირკვოთ,“ – განაცხადა გვანცელაძემ.

თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყება და 13 იანვარს დასრულდება, 14 იანვარი უკვე სასწავლო დღეა.