LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკები, რუსული ელიტა, დუმის დეპუტატები: ვინ რა სანქციებს უწესებს რუსეთს – სია

159
Untitled design11

თანდათან იზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რუსეთს და რუსეთის მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.

დღეს ამ ქვეყნების ჩამონათვალს კანადა, ავსტრალია და იაპონიაც დაემატა. 

ავსტრალიის სანქციები

ამ ეტაპზე, ავსტრალია ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა.

პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, ახალი ზომები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა პრაქტიკულად დაწყებულია, სრულმასშტაბიანი შეჭრა კი შეიძლება 24 საათის განმავლობაში მოხდეს.

როგორც მორისონმა პრესკონფერენციაზე განმარტა, ავსტრალია, პირველ რიგში, აწესებს სამოგზაურო შეზღუდვებს და ასევე მიზანმიმართულ ფინანსურ სანქციებს რუსეთის უშიშროების საბჭოს რვა წევრზე;

შეზღუდვა იმოქმედებს რუსეთის ერთ სახელმწიფო ბანკზე და თავდაცვასა და სამხედრო ინდუსტრიასთან ასოცირებულ ბანკებზე;

ავსტრალიის მკაცრი ეკონომიკური სანქციები ასევე შეეხება სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებსაც.

“სანქციები მიზნად ისახავს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ნავთობის, გაზის და მინერალების მარაგების მიღების შეზღუდვას”, – აღნიშნა პრემიერმა.

CNN-ის ცნობით, ავსტრალიის სანქციები შეეხება რამდენიმე რუსულ ბანკსაც.

სანქციები კანადურად

დღესვე კანადის პრემიერ-მინისტრმა მთავრობას იმ ეკონომიკური სანქციების პირველი ნაწილი წარადგინა, რომელსაც ქვეყანა რუსეთს დაუწესებს.

ჯასტინ ტრუდოს განმარტებით, კანადა საკუთარ მოქალაქეებს კანადელებს უკრძალავს ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას  ლუგანსკთან და დონეცკთან;

სანქციები დაუწესდებათ რუსეთის პარლამენტის იმ წევრებსაც, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუჭირეს მხარი;

კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ორი რუსული ბანკის წინააღმდეგ და მათთან ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტს;

კანადის პრემიერი მოუწოდებს მსოფლიოს – არ დაუშვან შეცდომა და იმოქმედონ სწორად, რადგან ეს არის შემდგომი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

სანქციები რუსეთს იაპონიისგან

ფინანსურ სანქციებს აწესებს იაპონიაც – ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება აიკრძალება, გარკვეული ინდივიდების ანგარიშები კი გაიყინება.

რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც შავ სიაში მოხვდნენ, ამიერიდან ვეღარც იაპონიის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ.

პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტს აზიანებს და საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

იაპონია რუსეთს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას.

მანამდე:

რუსეთს სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – რუსეთი არ აპირებს შეჩერებას და მას კიევის ოკუპაციის გეგმა აქვს – ჯო ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

ასევე, რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა ევროკავშირმა 

ბორელი რუსებს: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში

გუშინვე, 5 რუსულ ბანკს და პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა ბრიტანეთმაც.

ერთ-ერთი პირველი მასშტაბური გადაწყვეტილება კი გერმანიას ეკუთვნის – ქვეყნის კანცლერის გადაწყვეტილებით, პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს”, რომელიც რუსეთის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენია, გერმანიამ სერტიფიცირება შეუჩერა.

 

 რუსეთის პოზიცია დაწესებულ საქნციებზე

ამ მკაცრი ზომების საპასუხოდ კი, რუსი პოლიტიკოსები და დიპლომატები ხელისუფლებას ურჩევენ, სანქციებს ყურადღება არ მიაქციონ.

რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი აცხადებს, რომ სანქციები ვერ აიძულებს რუსეთს, პოლიტიკური კურსი შეცვალოს.

ელჩი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალურ ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს დააზარალებს.

მისი თქმით, ფასების ზრდის ყველა შედეგს აშშ-ის რიგითი მოქალაქეები საკუთარ თავზე იგრძნობენ.

გუშინ ვლადიმირ პუტინს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმაც მისცა რჩევა – დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს.

ქვეყნის მიმართ დაწესებულ სანქციებს მან შეურაცხმყოფელი უწოდა და თქვა, რომ რუსეთს სახით მიწაზე ათრევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები