LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბასიანმა“ ამ ქალაქით ბევრი დააინტერესა – ამსტერდამის ღამის მერი “ფორტუნას” გამოცდილებას უზიარებს

20181130_125503

ამსტერდამის ღამის მერი საქართველოში – შამირო ვან დერ გელდი თბილისში, ღამის ეკონომიკის ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა.

 „ფორტუნასთან“ საუბარში, ის ქალაქის და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, გვიყვება საიდან გაიგო პირველად თბილისის შესახებ, საუბრობს, საქართველოსთვის ყველაზე რთულ, ნარკოტიკების თემაზე და „ფორტუნას“ მკითხველთან ერთად, მის მსმენელსაც ესალმება.

  • რა არის ამსტერდამის ღამის ცხოვრების საიდუმლო?

ამსტერდამი ძალიან გამორჩეული ქალაქია, მაღალი იდენტურობით. ჩემთვის, როგორც ღამის მერისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ინდივიდუალობა შევინარჩუნო.

  • როგორ ახერხებთ ამას?

ჩვენ ვცდილობთ, ახალგაზრდა კრეატიული ადამიანები მაგიდებთან დავსვათ. ვცდილობთ, ისინი ერთად შევკრიბოთ, არა მხოლოდ გართობისთვის, არამედ მუშაობისთვის. ვნახოთ ადგილები, სადაც ტალანტის განვითარებას შეძლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი თავისი კულტურული ღირებულებით, კულტურული ძალით, იყოს წარმოდგენილი. ამას შეუძლია ძალიან ძლიერი ეკონომიკა შექმნას.

სწორედ ამის გამოა, ამსტერდამში ღამის ცხოვრების მაღალი დონე. ამ ყველაფერს კი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემით შეგიძლიათ მიაღწიოთ, ნაცვლად იმისა, რომ ქალაქის მთავრობამ გააკეთოს ყველაფრის ორგანიზება.

მათ უნდა დართოთ ნება, დააორგანიზონ ღონისძიებები, მისცეთ თავისუფალი ადგილები, თუ ასეთები მოიძებნება, ისინი კი განვითარების ახალ შესაძლებლობას დაგანახებენ. თუმცა, ხარისხი წლების შემდეგ მოვა.

  • რა იცით თბილისზე, იცნობთ თუ არა ამ ქალაქს და მის შესაძლებლობებს?

ბევრი არაფერი ვიცი ამ ქალაქზე, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ აქ ჩამოვედი, რადგან მაქვს შესაძლებლობა ამ სივრცეში თავისუფალი აზრები გამოვთქვა და მოვისმინო. ვხედავ, თბილისს ძალიან კარგი მომავალი აქვს.

პირველად თბილისის შესახებ, „ბასიანით“ გავიგე. ამან მანახა, რომ თბილისის მილენიუმ თაობას, ღამის ცხოვრების ძალიან კარგი კულტურა აქვს. ისინი ფიქრობენ მომავალზე. ამის შემდეგ, ქალაქის სახელი, ინდივიუალიზმი უფრო ცნობილი გახდა. ზედაპირულად რომ შევხედოთ, „ბასიანმა“ ამ ქალაქით ბევრი დააინტერესა. ახლა, ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს თბილისს ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის.

ძალიან მინდა ამაში დაგეხმაროთ. ვხედავ, რომ ბევრს აქვს ამის სურვილი. ჩვენ შეგვიძლია საუკეთესო გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს.

  • იცით “ბასიანზე”, შესაბამისად, გეცოდინებათ ისიც, რომ პრობლემა გვაქვს ნარკოტიკების მოხმარებასთან და მის საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით, რა შეგიძლიათ ამ საკითხზე გვირჩიოთ?

როგორც ჩანს, ეს საქართველოსთვის ძალიან რთული ქვეთავია. „ნარკოტიკების ლეგალიზაცია“ – ეს იმდენად უარყოფით კონტექსტში აღიქმება, აქ ბევრად მარტივია ალკოჰოლზე საუბარი. არადა, ალკოჰოლს ბევრად მეტი პრობლემა მოჰყვება, ვიდრე ნარკოტიკებს. ჩემი აზრით, ამ თემაზე საუბარი არ უნდა შეწყვიტოთ. ამ მხრივ საჭიროა მეტი განათლება, განათლება ახალგაზრდა ასაკიდანვე. მოზარდებმა უნდა იცოდნენ რეალური ფაქტები, რა არის ნარკოტიკი. უნდა უთხრათ, რა შეიძლება მის გამოყენებას მოჰყვეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ კონტექსტით – „შენ არ უნდა გააკეთო ეს, შენთვის ეს არ შეიძლება“, რადგან რაც უფრო მეტად იკრძალება რაღაც, ის ახალგაზრდისთვის უფრო საინტერესოა. როდესაც ამბობ – „ეს არ შეგიძლია გააკეთო“, ხალხი უფრო მეტად ინტერესდება ამით.

უნდა ნახოთ, სად შეიძლება ხალხის დაკავშირება, ნახოთ სხვა ქალაქების გამოცდილება და შეიმუშავოთ თქვენთვის ყველაზე ეფექტური მოდელი. თუ თქვენ იტყვით, რომ აქ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ნარკოტიკი, თუ თქვენ იტყვით, რომ ეს პრობლემა არაა, ეს არ იმუშავებს, ეს მიდგომა არასდროს ამართლებს.

magti 5g