„ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილას ნებისმიერი სხვა მოქალაქე რომ ყოფილიყო, ეს საქმე აუცილებლად ყველა ინსტანციაში გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდებოდა“, – ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ „არაერთი გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ ბასილაშვილის მიმართ მართლმსაჯულება მიკერძოებული იქნება“.
ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის განცხადებითვე, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ორივე ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა არის ის, რომ საქმე შეეხებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
„ამ სისხლის სამართლის საქმეს რომ მოვაშოროთ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი და მის ადგილას ნებისმიერი სხვა მოქალაქე ყოფილიყო, ეს საქმე აუცილებლად ყველა ინსტანციაში დასრულდებოდა გამამტყუნებელი განაჩენით.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ორივე ინსტანციამ არის ის, რომ საქმე შეეხებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა და რომელმაც ეს გავლენა მართლმსაჯულების გამოყენების პროცესში გამოიყენა.
ამ საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმისთვის, რომ გამოტანილიყო გამამტყუნებელი განაჩენი. არაერთი გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ მართლმსაჯულება იქნება მიკერძოებული და მათ შორის უპირველესი იყო წინასაარჩევნო პროცესებში მისი მონაწილეობა და აქტიური მხარდაჭერა მმართველი პარტიის მიმართ“, – განაცხადა ანა თავხელიძემ.