ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს და ოთხ სტუდენტს, რომლებსაც პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბათუმის ერთ-ერთი უნივერსიტეტში დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად ორ პირს სცემეს – დაკავებულია 5 პირი
აღნიშნული საქმე მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა. პროცესზე დაცვის მხარის ადვოკატი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახის 1000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას სთავაზობდა, პროკურორმა კი დაკავებულების მიმართ პატიმრობა მოითხოვა. მისი თქმით, არსებობს დანაშაულის ხელახლა გამეორების და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.
მორიგი სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება.
ცნობისათვის, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად ორ პირს სცემეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი