ახალშობილს, რომელიც ბათუმში, სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, რთული ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „რუსთავი 2“-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს წარმომადგენლები ფაქტის დადგომისთანავე დაუკავშირდნენ კლინიკის ადმინისტრაციას და ადგილზე შესაბამისი დახმარება შესთავაზეს.
სამინისტროს ცნობითვე, ახალშობილის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სამინისტროს ინიციატივით, დაუყოვნებლივ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელშიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდი.
„მომზადდა რეაგირების გეგმა, რის შემდეგაც იაშვილის კლინიკის სპეციალისტთა ჯგუფი, ყბა-სახის ქირურგები, სასწრაფოდ გაემგზავრა ბათუმში, ახალშობილის სამედიცინო დახმარების მიზნით. ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია. იაშვილის კლინიკა აქტიურად არის ჩართული და მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მიმართულებითაც გაუწიოს სამედიცინო დახმარება.
ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუდმივ და აქტიურ კოორდინაციას ჩართულ სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დამატებითი რესურსებისა და ჩარევის უზრუნველსაყოფად. არსებული კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალშობილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე შეუძლებელია – იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა“, – განუცხადეს „რუსთავი 2“-ს სამინისტროში.
შეგახსენებთ, ბათუმის კლინიკა „მედინაში“ კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში 22 თებერვალს იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა.
