LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში შუფუტინსკის კონცერტს 3 ათასამდე ადამიანი დაესწრო

37

ბათუმის კორტებზე რუსული შანსონის შემსრულებლის, მიხეილ შუფუტინსკის კონცერტი გაიმართა. მომღერალი მაყურებლის წინაშე 45 წუთიანი პროგრამით წარსდგა და ძირითადად, სიმღერები ახალი ალბომიდან შეასრულა. კონცერტზე მყოფმა მაყურებელმა კონცერტის მიმართ სხვადასხვა პრეტენზიები გამოთქვა. ზოგი Music Promotion-ს ორგანიზებულობას უწუნებდა, ზოგი კი მომღერლის რეპერტუარით უკმაყოფილო იყო. როგორც VIP ბილეთის მფლობელმა, თეა საბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მომღერალმა ძველი ალბომიდან მხოლოდ ორი სიმღერა შეასრულა:

“ძალიან მიყვარს ეს მომღერალი. ბორჯომიდან ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე, გადავიხადეთ 130-130 ლარი ბილეთებში, მაგრამ გაგვიცრუვდა იმედები, შეასრულა ახალი ალბომიდან სიმღერები, ძველი ალბომიდან, რაც ჩვენ გვიყვარს, მხოლოდ ორი სიმღერა იყო “, – აღნიშნა თეა საბაშვილმა.

კონცერტის ორგანიზატორების მიმართ პრეტენზია გამოთქვა მაყურებელმა, ირმა ჭანტურიამ. როგორც მან აღნიშნა, ორგანიზატორებმა და დაცვის პოლიციამ ვერ უზრუნველყვეს წესრიგი.

“ბილეთში 50 ლარი გადავიხადეთ, წინა რიგებში რომ ვყოფილიყავით, ორგანიზატორების და დაცვის პოლიციის ბრალია ეს ქაოსი. ეს ხალხი წამოიშალა და წინ დადგა, ვიღაც მთვრალი იდგა, ყვიროდა უაზრობებს, ხედავდნენ და არ გაიყვანეს. ვინც კონცერტს ატარებს, უნდა გაეწია ორგანიზება”, – აღნიშნა ირმა ჭანტურიამ.

კონცერტით კმაყოფილი იყვნენ ვიტალი და იულია კიმჩუკები. როგორც მათ აღნიშნეს, ძალიან ენატრებოდათ შუფუტინსკი და მათთვის სიურპრიზია მოსკოვიდან ბათუმში დასასვენებლად ჩამოსულებს კონცერტზე დასწრების საშუალება რომ მიეცათ.

კონცერტით კმაყოფილი იყო Music Promotion-ის ხელმძღვანელი ნინო დავითაია. როგორც მან აღნიშნა, კონცერტს 3 000 ადამიანი ესწრებოდა.

“დღევანდელი დღე, ამინდის გაუარესების მიუხედავად, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, დაახლოებით 3 000. ხალხი ძალიან კარგად ატარებს დროს და ერთობა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბათუმს ასეთი სასიამოვნო საღამო ვაჩუქეთ”, – აღნიშნა ნინო დავითაიამ.
კონცერტის დაწყებამდე მიხეილ შუფუტინსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ის ბათუმში პირველადაა და მოხარულია, რომ საქართველოში კონცერტის ჩასატარებლად ჩამოვიდა. მისივე თქმით, ის წლების წინ სოხუმში იმყოფებოდა:

“ცოტას ვღელავ, იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბათუმში. მე მეგონა, რომ ვიყავი აქ ნამყოფი, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ – სანამ წავიდოდი ამერიკაში მე ვიმყოფებოდი სოხუმში. დღეს იქნება კონცერტი, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ველოდები როდის გავალ სცენაზე და ვიმღერებ თქვენთვის, – აღნიშნა მიხეილ შუფუტინსკიმ.

მიხეილ შუფუტინსკიმ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე განმარტება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა:

“გეტყვით, რომ მე ვმღერი სიმღერებს და პოლიტიკით უნდა იყოს დაკავებული ის ხალხი ვინც აკეთებს პოლიტიკას. ჩემი პოლიტიკაა ის კარგი სიტყვები და ის სიმღერები, რომელსაც მე ვმღერი ჩემი მაყურებლისთვის” – აღნიშნა მიხეილ შუფუტინსკიმ.
კონცერტის ბილეთის ფასი 30-დან 130 ლარამდე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები