„ბათუმში ვერ უნდა ჩავიდეს ფრანგი, ან გერმანელი და ბრიტანელი ტურისტი? ვერ ჩავა, იმიტომ რომ გადატენილია რუსებით“ , – ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა ისაუბრა. საბა კიკნაძის განმარტებით, სულ სხვაა რუსული ტურიზმის მოთხოვნა და სხვაა საერთაშორისო ტურიზმის მოთხოვნები. მისივე თქმით, ბათუმი სავსეა რუსებით, რის გამოც საერთაშორისო ტურიზმს საქართველოში საფრთხე ექმნება.
“ამ რაოდენობით რუსების ჩამოსვლა, ტურიზმი არ არის, ეს ექსპანსიაა. ეს ხალხი პრაქტიკულად სახეს უცვლის ქართული ტურიზმის ეთიკასაც და კულტურასაც და მომავალში დიდ დარტყმას მოგვაყენებს”, – დასძენს Caucasus Travel-ის დამფუძნებელი და იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედება საშუალებას მოგვცემს, ვნახოთ რეალურად ვინ შემოდის ტურისტული მიზნით და რამდენია ტურიზმის ინდუსტრიის რეალური სარგებელი.
„ეს არ არის პოლიტიკა და ქსენოფობია, ეს არის პრაგმატული მიდგომა. ტურისტების რაოდენობა გაწონასწორებული და დაბალანსებული უნდა იყოს. ეს პრაქტიკა 2018-2019 წლებში დიდი იყო. ახლა ასე აღარ არის და არეულია. ფული კარგია, მაგრამ რის ფასად?!“, – აცხადებს საბა კიკნაძე გადაცემაში “ანალიტიკა”.