ბელგიაში დაიწყო ყოველწლიური აქცია, რომელიც ადგილობრივებს ერთი თვით ალკოჰოლზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. საინტერესო ინიციატივა პირველად 2017 წელს გაჩნდა და მას შემდეგ ძალიან პოპულარულია: ყოველ წელს მასში მონაწილეობას 1,5 მილიონი ადამიანი იღებს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ „მშრალი“ თებერვლის შემდეგ ბევრი მონაწილე ალკოჰოლის მოხმარებას უკლებს და ზოგიერთი სპირტიან სასმელზე საერთოდ უარსაც ამბობს. სიახლის შესახებ gezond leven წერს.
ბელგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, ქვეყანაში სიკვდილიანობის 3% ალკოჰოლს უკავშირდება. თუკი მასთან დაკავშირებულ მიზეზებსაც გავითვალისწინებთ, ეს ციფრი 10%-მდე გაიზრდება. სპირტიანი სასმლის გადამეტებული მოხმარება იწვევს 200-მდე დაავადებას, მათ შორის დეპრესიას, სიმსუქნეს, საჭმლის მონელების სისტემის პრობლემებს, გულის, ღვიძლის დაავადებებს.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის გარეშე გატარებული ერთი თვის შემდეგაც ისინი თავს ბევრად უკეთ გრძნობენ, უმჯობესდება ძილი, იზრდება ენერგიულობა და იკლებს წონა. გარდა ამისა, მონაწილეთა 84% აღნიშნავს, რომ აქცია მათ დაეხმარა გამკლავებოდნენ საზოგადოების წნეხს, რომელიც მათ ხშირად ალკოჰოლის მიღებისკენ უბიძგებს.