LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი ცრემლი დაიღვარა დღეს ჩვენთან, ვერავინ იჯერებდა ამ ცნობას… გიას ნომერზე დავრეკეთ იმ იმედით, რომ გვიპასუხებდა…“ – როგორ ეხმიანება ბოტანიკური ბაღი გია გაბრიჭიძის გარდაცვალებას

265
377964061_196621639992800_4550509920327126673_n

ჟურნალისტისა და მწერლის, გია გაბრიჭიძის გარდაცვალებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ემოციური მიმართვით ეხმიანება.

„დავკარგეთ მეგობარი და მებრძოლი, თქვენთვის კარგად ნაცნობი პიროვნება, ჟურნალისტი, მწერალი.. მეც კი გამასწრო უნამუსოდ ჩემს შვილთან ჩახუტებაში“ – გია გაბრიჭიძე გარდაიცვალა

როგორც ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გია გაბრიჭიძე მათ გუნდს 2014 წლიდან შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა საზოგადოებისთვის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სასიკეთო ამბების გაცნობაში:

„დილიდან მეხის გავარდნასავით გაისმა ბოტანიკურ ბაღში გია გაბრიჭიძის გარდაცვალების ამბავი. ვერავინ იჯერებდა ამ ცნობას, რომელიც ერთ-ერთი
ტელევიზიის გაოგნებულმა ჟურნალისტმა გიას თანამშრომელს ამცნო.

იმდენად დაუჯერებელი იყო, თავიდან გიას ხუმრობა გვეგონა. სამწუხაროდ სიმართლე აღმოჩნდა.

ოჯახის წევრმა დაგვიდასტურა – გიას ნომერზე რომ დავრეკეთ იმ იმედით, რომ ის გვიპასუხებდა…

2014 წლიდან შემოუერთდა გია გაბრიჭიძე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის გუნდს. უკვე ჩამოყალიბებული და ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი,
პუბლიცისტი, მსახიობი, მრავალმხრივი ინტერესების და უნარების მქონე ადამიანი.

განათლებით ფიზიკოსი, ფართო თვალსაწიერის ადამიანი, შინაგანად თავისუფალი, ყოველივე ეს მას საშუალებას აძლევდა, საკუთარი აზრი ჰქონოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე მწვავე საკითხებზე და ორიგინალურად გამოეთქვა იგი.

გიას მოღვაწეობის ეს სფერო ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის. ის ცნობილი სატელევიზიო სახე იყო. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძალზე საინტერესო და
ნაყოფიერი მხარე იყო ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში საქმიანობა. გია სწორედ იმ დროს აღმოჩნდა ამ უძველეს ორგანიზაციაში, როდესაც ბაღი ტრანსფორმაციის პროცესში იყო.

მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საზოგადოებისთვის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სასიკეთო ამბების გაცნობაში.

2014 წლიდან დღემდე იგი დაუღალავად, შესაშური ენთუზიაზმით ცდილობდა პოზიტიურად განეწყო ქართული საზოგადოება ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე
სიახლეებისადმი. დიდი იყო მისი წვლილი აქ უკვე ტრადიციულად ქცეულ ფესტივალებსა და გამოფენების მომზადებასა და გაშუქებაში. ახალ-ახალი იდეებით, ყოველდღიურად ბოტანიკური ბაღის დიდ ოჯახთან ერთად, ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა ამ დიდი ტრადიციის მქონე ინსტიტუტის სახელის ახლებურად და თანამედროვედ გაჟღერებაში.

საოცრად შეხმატკბილებული მუშაობდა თავისი განყოფილების თანამშრომლებთან და საერთოდ, ყველას ძალიან ახლობლად და მეგობრად მიაჩნდა. ამიტომ არის, რომ დილიდან ცრემლი არ შეშრობიათ თვალზე კოლეგებს, რომლებიც, სწორედ ახლა, გიასთან ერთად ფესტივალის ჩასატარებლად ემზადებოდნენ.

ბევრი ცრემლი დაიღვარა დღეს ჩვენთან, გია ძალიან დაგვაკლდება ჩვენ, დააკლდება ქვეყანას და, პირველ რიგში, მის ოჯახს, შვილებს, რომლებითაც ასე ამაყობდა. მის მეუღლეს, მეგობრებს და კოლეგებს.

ძალზე ადრე დაგვტოვა გიამ, ასე უცნაურად და მოულოდნელად.

ჩვენ ის მუდმივად გვემახსოვრება და შევეცდებით მისეული ენთუზიაზმით და პოზიტივით გავაგრძელოთ საქმე, რომელიც მას ასე ძლიერ უყვარდა. მადლობა ერთგულებისთვის და მეგობრობისთვის“, – წერია ბოტანიკური ბაღის განცხადებაში.

 

დილიდან მეხის გავარდნასავით გაისმა ბოტანიკურ ბაღში გია გაბრიჭიძის გარდაცვალების ამბავი. ვერავინ იჯერებდა ამ ცნობას,…

Posted by საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი • National Botanical Garden of Georgia on ორშაბათი, 11 სექტემბერი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g