დღეს რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, მოსამართლემ მსახიობს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანი ადამიანები. მათ შორის, გიორგი ნაკაშიძის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფებოდა რეჟისორი ქეთი დოლიძეც.
რეჟისორი გამოეხმაურა სასამართლოს მიერ მსახიობ გიორგი ნაკაშიძის სამართალდამრღვევად ცნობას და დაჯარიმებას და განაცხადა, რომ „ადამიანი ასე სასტიკად არ უნდა იყოს დაჯარიმებული“.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რას იტყოდა ის მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, დოლიძემ განაცხადა, რომ ეს ორივე მხრიდან ხდება:
„ძალადობა ორივე მხრიდან ხდება სამწუხაროდ, სამართალდამცავები უფრო უნდა იყვნენ გაფრთხილებული და მათი მხრიდან არ უნდა იყოს ასეთი ძალადობა, საერთოდ არ შეიძლება ასეთი ესკალაცია, დაძაბულობა“, – განაცხადა დოლიძემ.
რუსთაველზე, აქციაზე დაკავებულ მსახიობს, გიორგი ნაკაშიძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
დღევანდელ სხდომაზე ორი პოლიციელი და მსახიობი, რეჟისორი ზურა გეწაძე დაიკითხა.
კითხვაზე, თუ ვის პასუხისმგებლობას ხედავს ის, უპასუხა, რომ ხელისუფლების.
„პასუხისმგებლობა, გინდათ თუ არ გინდათ, ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება. რა თქმა უნდა, უნდა დაეკისროს იმ ადამიანსაც, რომელიც ასე მიდის და იბრძვის. ეს არეულობა, რომელიც არის ქვეყანაში, არ მგონია მხოლოდ შიგნით საქართველოს პრობლემა იყოს, სხვა მხრიდანაც მოდის ეს პრობლემა, ეს დაძაბულობა და ყველაფერი. არ ვიცი, მაგრამ არასასიამოვნოა. ბევრი რამეა დასაფიქრებელი, რასაც უნდა გაეცეს პასუხი, ასე ადვილად არ შეიძლება. ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც უნდა დაფიქრდეს და რაც მთავარია, ხელისუფლება“, – განაცხადა დოლიძემ.
კითხვაზე, თუ რა მოისმინა მან გიორგი ნაკაშიძის საქმეზე დაკითხული პოლიციელებისგან და რამდენად იყო ის დამაჯერებელი, დოლიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.
„პოლიციელებისგან ნორმალური არაფერი მომისმენია. არ შეიძლება, 40 მეტრში ვიყავიო, კაცი ამბობს, არც მესმოდა რა იყოო, მეორე ამბობს, 10 მეტრში ვიყავიო, იქ ისეთი ამბავი იყო, ამ ხმაურში, როგორ შეიძლება ზუსტად იცოდე, რა ხდებოდა და მაინც და მაინც გაიგონო ყველაფერი. რაღაც არ მჯერა“, – განაცხადა დოლიძემ.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“